ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულები ბრალის წარდგენას ელოდებიან - დეტალები "პირველებმა" გაარკვია
სასწრაფოების ცვლის ყოფილი უფროსი, თამარ მანჩხაშვილი ბრალის წარდგენას ელოდება - ქალი თაღლითური ქსელის აწყობასა და დიდი ქრთამის აღებაშია მხილებული. ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი ამბობს, რომ ბრალის შესახებ მას ინფორმაცია ამ ეტაპზე არ აქვს. როგორც „პირველებთან“ ადვოკატი ყვება, თამარ მანჩხაშვილი სახლში დააკავეს და მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ორი პირი.
ცნობილი ხდება, როგორ მუშაობდა სქემა, რომლის დამსახურებითაც ეჭვმიტანილმა მედიკოსებმა ნახევარი მილიონი ლარი ევექსის კერძო კლინიკების ქსელისგან მიიღეს.
ირკვევა, რომ სწორედ სასწრაფოების ცვლის უფროსი წყვეტდა, სად უნდა წაეყვანა კატასტროფის ბრიგადას მძიმე პაციენტები. სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ჯამში, ხუთი ადამიანია დაკავებული. ხუთიდან სამი მედიკოსია, ორი კი "ვიანის", იგივე "ევექსის" კორპორაციის თანამშრომელი. ეჭვმიტანილთა ნაწილი ბრალის წარდგენას მოდულის შენობაში ელოდება.
პირველებს სასწრაფო დახმარების ცენტრალურ ოფისში უდასტურებენ, რომ გაიგეს ყოფილი თანამშრომლების დაკავების შესახებ.
კლინიკებთან იყვნენ გარიგებული, რომ კლინიკაში მიეყვანა. კოორდინაციის ცენტრი იყო, რომელიც უშვებდა სასწრაფოს იმ კლინიკაში, რომელიც აწყობდათ. ზარი შემოდის და მოდის სასწრაფო, ექიმი და სად უნდა გაუშვას, უკავშირდება ამ ცენტრს და ეს ცენტრი ანაწილებს,“ - ამბობს სასწრაფოს ერთ-ერთი თანამშრომელი.
სუს-ის ინფორმაციით, ევექსი იხდიდა ქრთამს, რომ სასწრაფოს პაციენტები მათ კლინიკებში შეეყვანათ. დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილე და ამავე ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ორი ყოფილი მენეჯერი, ხოლო უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემისათვის ორ პირს ბრალდება წარუდგინეს.