მადლობა იმ ერთადერთ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც მერამდენე წელია მშვიდობის და სტაბილურობის გარანტია - წულუკიანი
თეა წულუკიანი ყველაფრისთვის ბიძინა ივანიშვილს ემადლიერება. კულტურის მინისტრმა ოლიგარქი ქალთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას შეაქო. ხელოვანების წინააღმდეგ რეპრესიებში მხილებული "ოცნების" ლიდერი, ფიქრობს, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი ბიძინა ივანიშვილია.
წულუკიანმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევანის გაკეთება მშვიდობასა და არეულობას შორის მოგვიწევს.
მინდა, ძალიან გულწრფელად ვთქვა, რომ დღეს არ არსებობს ჩემთვის უფრო საპატიო მისია, ვიდრე თქვენთვის მადლობის თქმა. თქვენთვის, ვინც 2012 წლიდან და შემდგომ წლებში დადექით ამ პარტიის გვერდით და, შესაბამისად, იმ ღირებულებების აღსასრულებლად, რომლებსაც „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა ჩაუყარეს საფუძველი. მადლობა ამისთვის. მადლობა ჩვენს ახალ წევრებს და განსაკუთრებით, ჩვენზე უმცროს გოგონებს და ქალებს, ვინც დღეს აქ არიან და ვინც შემოგვყურებს იმედით, იცოდეთ, რომ ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ცხოვრება რთულია, ამას ჩვენი ბებიებიც გვეუბებოდნენ და ქალის ცხოვრება კიდევ უფრო რთულია, მაშინაც კი, როდესაც ხარ ბედნიერი. ამიტომ იცოდეთ, ვინც ჩვენზე უმცროსები ხართ, რომ ჩვენ აქ ვართ თქვენთვის და თუ რამე შეგვიძლია, თქვენ გვერდით გვიგულეთ.
ჩვენ, ყველამ ერთად დიდი გზა გამოვიარეთ. დღეს კვლავ ბრძოლის რეჟიმში ვართ, ვიცავთ თავს და ვიცავთ მშვიდობას, სტაბილურობას. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ეს ყველამ ერთად შევძელით და მადლობა იმ ერთადერთ ადამიანს, რომელიც არის მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი ამ ქვეყანაში, უკვე მერამდენე წელია, ბატონ ბიძინა ივანიშვილს
წელს საარჩევნო წელია. წელს კიდევ მოგვიწევს უფრო გავაქტიურდეთ, „ქართული ოცნების“ პარტიის ქალები, ქალთა ორგანიზაციის წევრები და მინდა წინასწარ თითოეულ თქვენგანს, ვინც გამარჯვებისთვის იბრძოლებთ, მადლობა გადაგიხადოთ ყველას სახელით და რა თქმა უნდა, ვინც ახლა გვისმენს ტელეეკრანთან, მათ ასევე მოვუწოდო აქტიურობისთვის, რადგან მორიგ ჯერზე არჩევნებზე მოგვიწევს არჩევანის გაკეთება მშვიდობასა და არეულობას შორის და არჩევანი იქნება მარტივი. ჩვენ, ყველანი, ქალები და კაცები ამ ქვეყანაში ხმას მივცემთ რა თქმა უნდა მშვიდობას, განვითარებასა და სტაბილურობას“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის კონფერენციაზე გამგეობის ახალი შემადგენლობა აირჩიეს.
გამგეობის წევრები იქნებიან მაცაცო ნარიმანიძე, ქრისტინა კობახიძე, ნინო ლაცაბიძე, მარეხ ნიჟარაძე, თინათინ ხანჯალიაშვილი, თინა ზოიძე, თამარ მურალოვა, ნათია გოლიაძე, ინა კაპანაძე, ნანა ხუფაცარია, ნაირა მარშანია, ნიგარ ორუჯოვა, მაია ცოტნიაშვილი, ნინო წილოსანი, თეა ახვლედიანი, თეა წულუკიანი, ხატია წილოსანი, სალომე ქურასბედიანი, ირმა ზავრადაშვილი, მაია ბითაძე, გრეტა წიწავა, რიმა ბერაძე, ქეთევან ჩარკვიანი, მარიამ ლაშხი, სალომე ჯინჯოლავა, ნინო ვარდოსანიძე, თინათინ ნიბლოშვილი, ბაია კვიციანი, ელისო ბოლქვაძე, ანივარდ მოსოიანი, მარიამ ქვრივიშვილი და მაკა ბოჭორიშვილი.
რაც შეეხება ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ამ თანამდებობაზე დელეგატებმა ერთხმად პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი აირჩიეს.