რატომ არ ინტერესდება "ოცნების" მაღალჩინოსნების შემოსავლებით? - რაჟდენ კუპრაშვილი კითხვას ვერ პასუხობს

31.03.24 13:17
რატომ არ ინტერესდება "ოცნების" მაღალჩინოსნების შემოსავლებით? - რაჟდენ კუპრაშვილი კითხვას ვერ პასუხობს

რაჟდენ კუპრაშვილი ადასტურებს, რომ იცის იმ კორუფციული ფაქტების შესახებ, რომელზეც გამომძიებელი ჟურნალისტები საუბრობენ, მაგრამ ვერ პასუხობს კითხვას, რატომ არ ინტერესდება "ქართული ოცნების" მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების საეჭვო შემოსავლებით. საუბარია, პირველ რიგში, ირაკლი ღარიბაშვილის და თავდაცვის ექს მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის შემოწმებაზე. 

ღონისძიების შემდეგ "პირველებმა" რაჟდენ კუპრაშვილს ისევ ჰკითხა, იპოვა თუ არა რაიმე სახის დარღვევა ანტიკორუფციულმა ბიურო ყოფილი პრემიერ-მინისტრის დეკლარაციაში. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბიურომ ექსპრემიერის 2022 წლის დეკლარაცია შეისწავლა და დოკუმენტი კითხვის ნიშნებს არ აჩენს. ამასთან, კუპრაშვილმა პირობა დადო, რომ ღარიბაშვილის სამთავრობო ბორტით ფრენის და მამისგან მიღებული თანხების შესახებ ფაქტებს შეისწავლის. 

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაცია შემოწმდა 2022 წლის საანგარიშო პერიოდში. ეს შემოწმდა დამოუკიდებელი კომისიის მოთხოვნის საფუძველზე. დეტალურად იქნა შესწავლილი წარმოდგენილი ინფორმაცია და დეკლარაცია შეფასდა დადებითად. ვადევნებთ თალყურს როგორს ჟურნალისტურ გამოძიებას, ისე შემოსულ განცხადებებს და ინფომაციებს. რაც შეეხება თავად ამ დეკლარაციების შინაარსს, ბატონი ღარიბაშვილი დეკლარაციაში წარმოდგენილია გარკვეული სახის ინფორმაცია, რომელიც შემოწმებას გაივლის მიმდინარე წელს, - ამბობს კუპრაშვილი. 

საკუთარ გამოსვლაში რაჟდენ კუპრაშვილმა ყურადღება ორ მიმართულებაზე გაამახვილა. მას არ დაუსახელებია ვისზე საუბრობდა, თუმცა თქვა, რომ 2022 წელს 200-ზე მეტი თანამდებობის პირი დაჯარიმდა, რომლებსაც დეკლარაციები ხარვეზებით ჰქონდათ შევსებული.

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა ასევე ყურადღებას პარტიების დაფინანსებებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი სრულად გამჭვირვალე იყოს.  

შეგახსენებთ, რომ ანტოკორუფციული ბუროს ხელმძღვანელმა დღეს წლიური ანგარიში წარადგინა. 

მსგავსი სიახლეები