ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ქართული სასამართლო ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე დგას
ირაკლი ღარიბაშვილი გავლენიან მოსამართლეებს იცავს და ამტკიცებს, რომ ქართული სასამართლო ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე დგას. ყოფილი პრემიერი პირდაპირ ამბობს, რომ ქართულ მართლმსაჯულებაში არავის ჩარევას არ დაუშვებენ. მისი თქმით, აღარ დადგება ის დრო, რომ სასამართლო შიგნიდან ან გარედან იმართებოდეს.
დღეს ქართული სასამართლო დგას ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე. ეს არის ჩვენი სასამართლო. ეს არის ქართული სასამართლო და ჩვენ არ დავუშვებთ არავის ჩარევას ქართულ მართლმსაჯულებაში და ქართულ სასამართლო სისტემაში. დამთავრდა ის დრო, მეგობრებო, როცა სასამართლო იმართებოდა, როგორც იმართებოდა. ასევე ის დრო არ დადგება, რომ სასამართლო მართონ გარედან, უცხო ქვეყნებმა. ეგ, რა თქმა უნდა, დაუშვებელი და მიუღებელია. მითუმეტეს, აქ ზოგიერთი აგენტების ხელით, პირდაპირ, არ მოვერიდები ამის თქმას. დღეს ყველამ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს მოსამართლეებს. მათი აბსოლუტური უმრავლესობა არიან პატრიოტები, რომლებიც იცავენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ჩვენი ხალხის ინტერესებს... ყველა რეიტინგის მიხედვით, ყველა გამოკითხვის მიხედვით, ჩვენი სასამართლო არის ერთ-ერთი მოწინავე მთელს ევროპაში, მეგობრებო. ვუსწრებთ ყველა კანდიდატ ქვეყანას და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და მათ შორის ვართ პირველ ადგილზე კანონის უზენაესობის მიხედვით, - ამბობს ღარიბაშვილი.