რა გააკეთეთ, რომ ცოტა უფრო მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შექმნილიყო? - ვაშაძე "ოცნებას"

01.04.24 12:37
რა გააკეთეთ, რომ ცოტა უფრო მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შექმნილიყო? - ვაშაძე "ოცნებას"

საქართველოში დღეს ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი უმუშევარია -  საგანგაშო სტატისტიკა საგანგებო ბრიფინგზე "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ წარმოადგინა. ოპოზიციონერმა ლიდერმა ხელისუფლება არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ დაბალი ანაზღაურების ან უმუშევრობის გამო ხალხი ემიგრაციაში მასობრივად გარბის. 

გიორგი ვაშაძე დაინტერესდა, რატომ ვერ მოახერხა "ქართულმა ოცნებამ", რომელიც 12 წელია ხელისუფლებაშია, პრობლემის მოგვარება და უმუშევრობის აღმოფხვრა. 

დღეს საქართველოში ნომერ პირველი პრობლემა უმუშევრობასთან ერთად არის დაბალი ხელფასები. დაბალი ანაზღაურება უდრის პირდაპირ უმუშევრობას და მინდა, კონკრეტული მონაცემები წარმოგიდგინოთ.
 

საქართველოში ოფიციალური მონაცემებით 267 700 უმუშევარი ადამიანია, მაგრამ ამ რიცხვს უნდა დავამატოთ 300 ლარამდე ხელფასი საქართველოში აქვს 63 653 ადამიანს. 300-დან 600 ლარამდე ხელფასზე საქართველოში მუშაობს 97 246 ადამიანი, ხოლო 600-დან 900 ლარამდე საქართველოში დასაქმებულია 117 012 ადამიანი. ყველა ეს მონაცემი, ფაქტობრივად, უდრის უმუშევრობას და ფაქტიური უმუშევრობა საქართველოში არის 539 611 ადამიანი. ანუ ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი საქართველოში არის უმუშევარი. სწორედ ამიტომაა, რომ 800 000-ზე მეტი ჩვენი თანამემამულე ქვეყნიდან წავიდა ემიგრაციაში. 
 

გაზრდილი ფასების პირობებში ეს ხელფასი რომ არაფერია და არაფერს ყოფნის, ეს არის ფაქტი. შესაბამისად, ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებს მე მინდა დავუსვა კითხვა, აი, თქვენ რომ ამ ადამიანებს დასაქმებულებს არქმევთ, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაქვთ ასეთი დაბალი შემოსავალი, თქვენ თქვენს ოჯახებს არჩენდით ამ შემოსავლებით? საკმარისი იქნებოდა ეს ხელფასები თქვენი ოჯახების რჩენისთვის, გამოკვებისთვის? საერთაშორისო მონაცემების შესაბამისად, თბილისში4 სულიან ოჯახში 2 ადამიანს 2-2 ათასი მაინც უნდა ჰქონდეს ხელფასი, რომ მეტნაკლებად ნორმალურად ჩაითვალოს, რომ იმ გაზრდილი ფასების პირობებში მათ აქვთ შესაძლებლობა, თავისი ოჯახი არჩინონ.
 

რატომ ხდება ეს უსამართლობა? რატომაა, რომ ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ან უმუშევარია ან იმდენად მცირე ხელფასს იღებს, რომ ფაქტობრივად, საკუთარ ოჯახს ვერ არჩენს და შემდეგ უწევს ემიგრაციაში წასვლა.
 

12 წელია, ხალხო, ხელისუფლებაში ხართ, რა გააკეთეთ ამ ქვეყნისთვის? რა გააკეთეთ იმისთვის, რომ ემიგრაციაში არ წასულიყო ხალხი? რა გააკეთეთ იმისთვის, რომ ევროპული და ამერიკული ინვესტიციები მოგეზიდათ, რომ ცოტა უფრო მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შექმნილიყო? ამ ყველაფერზე უნდა გასცეს პასუხი მმართველმა ხელისუფლებამ, - განაცხადა ვაშაძემ. 
 

მსგავსი სიახლეები