ენმ-ს წევრები ქობულეთში სოფელ ხუცუბანში ავარიული გზის მოწესრიგებას ითხოვენ
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ქობულეთში სოფელ ხუცუბანში ავარიული გზის მოწესრიგებას ითხოვენ. ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლაშა კომახიძის თქმით, მდინარე კინტრიშიდან ინერტული მასალის ამოღებამ და ტერიტორიაზე მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილებამ გზის საფარი მწყობრიდან გამოიყვანა. აღნიშნული გზა ქალაქთან 5 სოფელს აკავშირებს.
ლაშა კომახიძე ცენტრალურ ხელისუფლებას პრობლემის დროული მოგვარებისკენ მოუწოდებს, რომელმაც თავის დროზე მდინარიდან ინერტული მასალის ამოღებაზე ნებართვა გასცა.
ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი გახლავთ მძიმე ტექნიკის გაუთავებელი გადაადგილება, რომელიც გამოწვეულია მდინარე კინტრიშიდან ამოღებული ინერტული მასალის გამო, რის შედეგადაც ივანიშვილის პარტიის მესვეურებმა გაისქელეს ჯიბეები და ამ ყველაფრის შედეგად მოქალაქეებს, ხუცუბნელებს, ქობულეთელებს არ ეძლევათ ნორმალურ პირობებში ცხოვრების და გადაადგილების შესაძლებლობა. პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელს თორნიკე რიჟვაძეს და მუნიციპალიტეტის მერს, ლევან ზოიძეს. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ იზრუნოს ხალხზე, ხალხის პრობლემებზე, შექმნას მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, ისინი მხოლოდ საკუთარი ჯიბეების გამდიდრებაზე ფიქრობენ., - განაცხადა ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლაშა კომახიძემ.