დავითაშვილის ორი მრჩევლის ჯამური ხელფასი 10 000 ლარამდეა - რამდენი მრჩეველი ჰყავს პრემიერს და სხვა მინისტრებს
რამდენი მრჩეველი ჰყავს პრემიერ-მინისტრს, ვინ არიან ისინი და რამდენია მათი ანაზღაურება - ამ კითხვით "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ მთავრობის ადმინისტრაციას მიმართა. ოფიციალური პასუხიდან ირკვევა, რომ ირაკლი კობახიძეს 5 მრჩეველი ჰყავს, თუმცა მათ ანაზღაურებასა და ვინაობას დეპუტატს მთავრობის ადმინისტრაცია არ უმხელს. მათი არგუმენტი ასეთია:
საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
148-ე მუხლის შესაბამისად, თქვენ მიერ მიმდინარე წლის 22 მარტს საქართველოს
პრემიერ-მინისტრის სახელზე №2194/3-23/24 წერილობითი კორესპონდენციით
წარმოდგენილ კითხვებთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ საქართველოს
პრემიერ-მინისტრს ჰყავს ხუთი მრჩეველი:
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი თავდაცვისა და უსაფრთხოების
საკითხებში;
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის
საკითხებში;
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში;
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი;
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი.
რაც შეეხება ზემოაღნიშნულ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებების მოქმედების
ვადასა და მათი შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის თქვენთვის
მოწოდების საკითხს, გაცნობებთ, რომ ნებისმიერი ინფორმაციის გაცემა, რომელიც
უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს, „პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შესაძლებელია მხოლოდ
მონაცემთა სუბიექტის თანხმობის შემთხვევაში. შესაბამისად, მოკლებულნი ვართ
შესაძლებლობას, აღნიშნულ ნაწილში დავაკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნა," - წერია მთავრობის პასუხში.
პრემიერის მრჩევლების ვინაობის გარკვევის გარდა, დეპუტატი ხატია დეკანოიძე დაინტერესდა სამინისტროების მდგომარეობითაც. მან სადეპუტატო კითხვით 5 სამინისტროს მიმართა, საიდანაც 4 სამინისტროში პასუხობენ, რომ მინისტრს მრჩევლები არ ჰყავს.
ერთადერთი სამინისტრო, სადაც მინისტრს მრჩევლები ჰყავს, ეკონომიკის სამინისტროა. ირკვევა, რომ ლევან დავითაშვილს ორი მრჩეველი ჰყავს, თუმცა ამ შემთხვევაშიც მათი ვინაობა გასაიდუმლოებულია. რაც შეეხება ანაზღაურებას, ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური პასუხიდან დგინდება, რომ მინისტრის ორი მრჩევლის ჯამური ხელფასი 10 000 ლარამდეა:
ქალბატონო ხატია,
2024 წლის 22 მარტის №2192/3-23/24 თქვენი წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა
და მდგრადი განვითარების მინისტრს ჰყავს ორი მრჩეველი, მათი თვის თანამდებობრივი სარგო ჯამურად
შეადგენს 9782 ლარს (დარიცხული ოდენობა).
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის
შესაბამისად, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის - მინისტრის მრჩევლები მიიღებიან
ადმინისტრაციული ხელშეკრულებით. ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ზ“ პუნქტის შესაბამისად,
ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირია – „პირი, რომელიც სახელმწიფო-პოლიტიკური
თანამდებობის პირს ხელს უწყობს მისი უფლებამოსილებების განხორციელებაში დარგობრივი/
სექტორული რჩევების მიცემით, ინტელექტუალურ-ტექნიკური დახმარების გაწევით ან/და ორგანიზაციულმენეჯერული ფუნქციების შესრულებით“.
,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 81-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად
,,ადმინისტრაციული ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი სახელმწიფოპოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადას". შესაბამისად მრჩევლებთან
გაფორმებულია ადმინისტრაციული ხელშეკრულება მინისტრის უფლებამოსილების ვადით," - წერია დეპუტატისთვის გამოგზავნილ პასუხში.
ირკვევა, რომ ჯანდაცვის ახალ მინისტრს მრჩევლები არ ჰყავს. მის მსგავსად კიდევ 3 უწყების ხელმძღვანელს არ ჰყავს მრჩევლები, ესენია: ინფრასტრუქტურის სამინისტრო, თავდაცვის უწყება და განათლების სამინისტრო.
ქალბატონო ხატია,
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 2024 წლის 22 მარტს შემოსული
თქვენი N2205/3-23/24 წერილის პასუხად, გაცნობებთ, რომ საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრს მრჩეველი არ ჰყავს," - უპასუხეს ჯანდაცვის უწყებიდან დეკანოიძეს.
ინფრასტრუქტურის სამინისტრო:
ქალბატონო ხატია,
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განიხილა თქვენი 2024
წლის 22 მარტის №2195/3-23/24 წერილი (სამინისტროში რეგისტრაციის №1222/01; 22.03.2024), რომლის პასუხად
გაცნობებთ, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მრჩევლის
თანამდებობაზე დასაქმებული პირი არ არის," - წერია ინფრასტრუქტურის სამინისტროს პასუხში.
თავდაცვის სამინისტრო:
ქალბატონო ხატია,
თქვენი 2024 წლის 22 მარტის №2198/3-23/24 (რეგისტრაციის №361140) წერილის პასუხად
გაცნობებთ, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრს მრჩეველი არ ჰყავს," - პასუხობენ თავდაცვის უწყებიდან დეპუტატს.
განათლების სამინისტრო:
ქალბატონო ხატია,
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში წარმოდგენილი
2024 წლის 22 მარტის თქვენი N2188/3-23/24 წერილის (სამინისტროში რეგისტრაციის N345503;
22.03.2024) პასუხად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის პირველი
პუნქტის თანახმად გაცნობებთ, რომ სამინისტროში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით
მინისტრის მრჩეველი დასაქმებული არ არის," - პასუხობენ განათლების სამინისტროში.
როგორც "ევროოპტიმისტებში" აცხადებენ, მათ პრემიერს და 12-ვე სამინისტროს მიმართეს, თუმცა პასუხი მხოლოდ 5-მა უწყებამ დაუბრუნათ.