ივანიშვილს "ლელო" აღიზიანებს, რადგან ვძლიერდებით - ბადრი ჯაფარიძე
"ივანიშვილს, კობახიძეს და ღარიბაშვილს "ლელო" აღიზიანებს, რადგან ყოველდღე ვძლიერდებით", - ამის შესახებ განცხადება პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა.
ჯაფარიძე ქართველი ოლიგარქის გუნდს რუსული ნარატივების გატარებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ "ოცნება" ოკუპანტ ქვეყანაში დამკვიდრებულ არადემოკრატიულ ბრძოლის ხერხებს ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართავს.
ღარიბაშვილის უსინდისო განცხადებები არ იმსახურებს ყურადღებას და ერთ რამეში ვეთანხმები მას, რომ არანაირი ბუნდოვანება არ არსებობს ქვეყანაში და ყველაფერი ნათელია. ნათელია, რომ "ქართული ოცნება" თავისი ლიდერებით, დამფუძნებლით არის რუსული ხელისუფლების ტიპის ხელისუფლება, რომელსაც გადმოაქვს რუსეთში აპრობირებული მეთოდები ოპონენტებთან ბრძოლის, ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლის, არასამთავრობო სექტორთან ბრძოლის, განსხვავებულ აზრთან ბროლის რუსული მეთოდები, როდესაც იყენებენ პროკურატურას, სასამართლოს იმისთვის, რომ ადამიანები გააშავონ, მათ დასწამონ უსინდისო ბრალდება და შესაბამისად, ღარიბაშვილის პირისგან მოვისმენთ ყოველგვარ სიბინძურეს, რომელიც შეიძლება, ადამიანის პირმა თქვას. ეს, ალბათ, ემსახურება იმას, რომ ყურადღება გადაიტანოს ისეთი ქმედებებისგან, რომელიც ახლა არის ზედაპირზე და მისთვის სამწუხაროდ გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი. ბევრი არ მინდა, რომ ვისაუბრო, რადგან ცხადია, რომ "ლელო" მათ აღიზიანებთ, აღიზიანებს ივანიშვილს, ღარიბაშვილს, კობახიძეს და მათ ამფსონებს, რადგან "ლელო" ძლიერდება ყოველდღე - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
ცნობისთვის, ყოფილი პრემიერი აღიარებს, რომ მისი პენსიონერი მამა, სინამდვილეში, მილიონიანი კომპანიის მფლობელია. ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, ტარიელ ღარიბაშვილმა აღნიშნული ქონება და ბიზნესი ლეგალური გზებით მოიპოვა და პირობას დებს, რომ შესაბამის დოკუმენტაციას წარადგენს.
რაც შეეხება ღარიბაშვილის დეკლარაციას, "ოცნების" თავმჯდომარე ირწმუნება, რომ მისი დეკლარაცია ყოვეწლიურად მოწმდება და არ არსებობს არვცერთი კითხვა, რომელზეც მას პასუხი არ გაუცია.