კვოტების გაუქმების საკითხზე პოლიტიკურმა ვაჭრობამ ამორალური სახე მიიღო - მამუკა ხაზარაძე

01.04.24 23:33
კვოტების გაუქმების საკითხზე პოლიტიკურმა ვაჭრობამ ამორალური სახე მიიღო - მამუკა ხაზარაძე

"კვოტირების გაუქმება დაუშვებელია, რადგან ქართულ საზოგადოებაში ქალის ხმა სათანადოდ არ ისმის", - ამის შესახებ "ლელო საქართველოს" დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში რამდენიმე წუთის წინ დაწერა.

მისი თქმით, "ლელო" მხარს უჭერს პოლიტიკაში ქალების აქტიურ ჩართულობას. ამასთან, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, "კვოტირების გაუქმებამ და პოლიტიკურმა ვაჭრობამ ამ საკითხთან დაკავშირებით, ამორალური სახე მიიღო".

ქალების ჩართულობა პოლიტიკაში არის ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის მნიშვნელოვანი  შემადგენელი. "ლელო" დგას ამ პროცესის გაძლიერების მხარეს. 

კვოტირების გაუქმებამ და პოლიტიკურმა ვაჭრობამ ამ საკითხთან დაკავშირებით, ამორალური სახე მიიღო. კვოტირების გაუქმება მიუღებელია, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როდესაც საზოგადოებაში და პოლიტიკაში ქალის ხმა არ არის სათანადოდ წარმოდგენილი", - წერს მამუკა ხაზარაძე.

ცნობისთვის, პარლამენტში  უკვე დარეგისტრირდა "გირჩის" კანონპროექტი "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების შეტანის შესახებ. პროექტი საპარლამენტო არჩევნების პარტიულ სიებში ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს.

ბიუროს სხდომაზე გაირკვა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძესა და „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩიას შორის შეთქნხმება შედგა, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს „გირჩის“ ინიციატივას, სანაცვლოდ, „გირჩი“ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის დროს ხმას მისცემს „ოცნებისთვის" მისაღებ კანდიდატს.

კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა პლენარულ სხდომაზე 3 აპრილს გაიმართება.

 

მსგავსი სიახლეები