რუსი დივერსანტები საქართველოში - ნაცვლიშვილი სუს-ისგან განმარტებას ითხოვს
რუსი დივერსანტები საქართველოში -"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი სუს-ისგან განმარტებას ითხოვს.
ოპოზიციონერის თქმით, ინფორმაცია რუსი აგენტის მიერ ამერიკის საელჩოს თანამშრომლის ოჯახზე იერის შესახებ შემაშფოთებელია.
ძალიან შემაშფოთებული არის ეს ინფორმაცია. მე არ გამოვრიცხავ, რომ ნორმალურ ქვეყნებში მსგავსი ტიპის ინფორმაციებზე საჯარო განცხადებები არ იყოს მაინცდამაინც მიღებული და სტანდარტული, მაგრამ არ მაქვს იმის იმედი, რომ თუნდაც დახურულ საპარლამენტო ფორმატებში, სადაც სწორედ ასეთ უკიდურესად საგანგაშო სახელმწიფოებრიობისთვის, ამავე დროს სენსიტიურ ინფორმაციაზე უსაფრთხოების სამსახური ვინმეს საერთოდ, ვის მიმართაც ეს ევალებოდა კონსტიტუციით, ამ შემთხვევაში პარლამენტს, ანგარიშს აბარებდეს. მორღვეულია მოქმედების, კონტროლის, ურთიერთკონტროლის ყველანაირი მექანიზმი ამ ქვეყანაში", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
დიპლომატების საცხოვრებელ უბანში, საიდუმლო მისიით ჩამოსულმა აგენტმა ამერიკის საელჩოს თანამშრომლის ოჯახზე იერიში აკრძალული იარაღით მიიტანა. ამ ამბავს ჩვენი ხელისუფლება, მინიმუმ, სამი წელი მალავდა. სქემა საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიებით გაიშიფრა. ცნობილი გამოცემები თბილისში მომხდარი თავდასხმის რუსულ კვალზე გავიდნენ.
დადგენილია მარშრუტიც. რუსული სამხედრო დაზვერვის დივერსანტი თბილისში ტაშკენტიდან ჩამოვიდა და ათი დღე დარჩა. სუსი ამ დრომდე დუმს. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში არაფერს ამბობენ, როგორ შემოაღწია და როგორ გადაადგილდებოდა 10 დღის განმავლობაში ქვეყნაში რუსული სახედრო დაზვერვის თანამშრომელი.
„პუტინის გარეშე ეს ყველაფერი ვერ მოხდებოდა“ - ასე პასუხობს სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე საერთაშორისო ჟურნალისტურ გამოძიებას, რომლითაც დადასტურდა, რომ კრემლის ერთ-ერთი ყველაზე საშიში დანაყოფის სპეცაგენტი საქართველოში იმყოფებოდა და ამერიკის საელჩოს თანამშრომლის ოჯახზე იერიში აკრძალული იარაღით მიიტანა. სენატორი რიში დარწმუნებულია, რომ შტატების წინააღმდეგ ეს სპეცოპერაცია პუტინმა დაგეგმა. მაშინ როდესაც მთელ მსოფლიოში მეორე დღეა რუსული აგენტურის ქმედებები განხილვის მთავარი თემაა - სუსი დუმს. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში არაფერს ამბობენ, როგორ შემოაღწია და როგორ გადაადგილდებოდა 10 დღის განმავლობაში ქვეყნაში რუსული სახედრო დაზვერვის თანამშრომელი.