სად არის მათი ბოდიში?! ეს საქმე ასე არ ჩაივლის - პაპუაშვილის ულტიმატუმი შტატებს
მოსამართლეების გულის მოსაგებად "ოცნებამ" ახალი სპეცოპერაცია ისევ შტატებზე იერიშით და ულტიმატუმით დაიწყო. მმართველი პარტია ახლა მოსამართლეების წინააღმდეგ კორუფციის გამო დაწესებული სანქციების გაუქმებას ითხოვს.
მეტიც, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შტატებისგან ბოდიშს ითხოვს და აცხადებს, როს საქმე ასე არ ჩაივლის.
„ამ უსამართლო სანქციებმა საბაბი მისცა ოპოზიციას და მასთან დაკავშირებულ NGO-ებს, რომ მოეხდინათ სასამართლო ხელისუფლებაზე თავდასხმა და დისკრედიტაციის კამპანიის წარმოება. რაც შეეხება მოსამართლე ჩხიკვაძეს დადასტურდა, რომ ეს სანქცია იყო უსამართლო, უსაფუძვლოო და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მათ შორის, ეს არის პარტნიორული ურთიერთობის ნაწილი, როდესაც უმაღლესი სასამართლო ინსტანციის მიერ ასეთი რამ დასტურდება, ამაზე მოხდეს შესაბამისი რეფლექსია.
სად არიან პირები, რომლებიც ამაზე არიან პასუხისმგებლები, რომლებმაც ეს კამპანია წაახალისეს თავის დროზე უცხოელმა დიპლომატებმა და NGO-ებმა. სად არის მათი ბოდიში ამ ადამიანის და მისი შვილის მიმართ? ამიტომ ეს საქმე, რა თქმა უნდა, ასე არ ჩაივლის, ასე ვერავინ ვერ მიაჩუმათებს", განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს სკანდალური პლენუმის და მოსამართლეების მუქარის ჩანაწერები გავრცელდა - კლანი უკმაყოფილოა, რომ კორუფციის გამო დაასანქცირეს, ამაზე კი მათი თქმით, ხელისუფლებას სათანადო რეაქცია არ ჰქონდა.