აღმოჩნდა, რომ უბრალოდ გარიგებული ადამიანები ყოფილხართ - "გირჩის" კანონპროექტს პროტესტი მოჰყვა
ხმაური პარლამენტში - "გირჩის" და "ქართული ოცნების" გარიგებას კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებით ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის მწვავე პროტესტი მოყვა.
ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანში საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა მიმდინარეობს სხდომას ქალთა უფლებადამცველები და ოპოზიციის სრული შემადგენლობა ესწრება.
პოლიტიკოსების ნაწილი არ გამორიცხავს რომ გირჩმა ოცნებასთან გარიგების სანაცვლოდ თანხაც კი აიღო.
- პოლიტიკური გარიგება პარლამენტში გუშინ გაფორმდა - "ოცნების" მიერ წარდგენილ ცესკოს თავმჯდომარეს პარტია „გირჩის" მხარდაჭერა ექნება, სანაცვლოდ კი იაგო ხვიჩიას პოლიტიკური ჯგუფი ქალთა კვოტირების გაუქმებას მიიღებს.
„ევროოპტიმისტების“ წევრი, ხატია დეკანოიძე პირდაპირ ამბობს, რომ "გირჩს" საერთოდ არაფერი აინტერესებს გარდა იმისა, რომ პარლამენტში „ოცნების“ დახმარებით მოხვდნენ:
აღმოჩნდა, რომ უბრალოდ გარიგებული ადამიანები ყოფილხართ - მიმართა გირჩს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა.
თქვენ რა ნიშნით მოხვდით პარლამენტში? თქვენც კაცის დახმარებით მოხვდით პარლამენტში. ზურა გირჩი ჯაფარიძე რომ არ ყოფილიყო, რომელთანაც სერიოზული ქიშპობა გაქვთ, მოხვდებოდით თუ არა პარლამენტში?! ანუ თქვენც კაცის დამსახურებით ხართ პარლამენტში, როგორც ბევრი ქალი. ბატონებს, ჰერმან საბოს, იაგო ხვიჩიას და სანდრო რაქვიაშვილს, რა გამორჩეული პროფესიული ნიშანი გაქვთ, რის გამოც საქართველოს პარლამენტში თანასწორობაზე უნდა ზრუნავდეთ, - მიმართა დეკანოიძემ „გირჩის“
დეპუტატმა ვახო მეგრელიშვილის განცხადებაც გაიხსენა და "გირჩის" ყველა დეპუტატს მიმართა:
ეთანხმებით თუ არა ბატონ მეგრელიშვილს, რომ თურმე ქალებმა "თანასწორობა უნდა დავიმსახუროთ" ზოგადად, თანასწორები იბადებიან, ეს არის ადამიანის უფლებების პრინციპი, ჩვენ თანასწორობის დამსახურება არ გვჭირდება".
„მეტ-ნაკლებად სერიოზული ხალხი მეგონეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ უბრალოდ გარიგებული ადამიანები ყოფილხართ და მართალი ყოფილა, რასაც თქვენზე ამბობდნენ მთელი ამ ხნის განმავლობაში“, - მიმართა „გირჩის“ წევრებს დეკანოიძემ.

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერი პირდაპირ ამბობს, რომ კვოტრების გაუქმების რეალურად მიზანი, ადგილობრივი ფეოდალებისთვის სიაში ადგილის გასუფთავებაა.
მისი თქმით, მმართველ პარტიას "გირჩი" გამიზნულად და გააზრებულად ეხმარება:
კანონპროექტი სინამდვილეში „ქართული ოცნების“ ინტერესებში შედის და თქვენ ძალიან გამიზნულად და სრულად გააზრებულად ეხმარებით მათ ამ ძალიან ცუდი თამაშის თამაშში. დარწმუნებული ვარ, კარგად გესმით ეს ამბავი", - მიმართა ანა ნაცვლიშვილმა რაქვიაშვილს.
ხატია დეკანოიძის მსგავსად, "ლელოს" დეპუტატმაც გარიგებაზე გაამახვილა ყურადღება:
ამხელა გარიგებაში რომ შეხვედით და ძალიან სერიოზული რეპუტაციული ზიანისთვის რომ ხართ, ალბათ, მზად, რა სარგებელს იღებთ კორუფციული სქემებით ნაშოვნი მრავალმილიონიანი ქონების მფლობელი მაჟორიტარებისგან? რამე სარგებელი მაინც თუ გაქვთ და თუ შეგიძლიათ, რომ ღიად ისაუბროთ ამ საკითხზე, იმიტომ, რომ ჩვენთვის ყველასთვის ნათელია, რომ რეალურად მიზანი არის, ადგილობრივი ფეოდალებისთვის გათავისუფლდეს ადგილები სიაში, რომლებიც სხვაგვარად ვეღარ ეტევიან „ოცნების“ სიაში და ეს არის შესაძლებლობა შემოუაროთ კანონს და კონსტიტუციურ დანაწესს“ - თქვა ნაცვლიშვილმა.
ანა ნაცვლიშვილს კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ხაზარაძის პარტიის წევრისგან მსგავს კრიტიკას ვერ მიიღებს“.
ჩვენი თითოეული მაჟორიტარი არის ღირსეული პიროვნება, რომელიც ღირსეულად ემსახურება ქვეყანას და თავის სამაჟორიტარო ოლქს და აქვს მუდმივი პროაქტიული კომუნიკაცია მოსახლეობასთან, მით უმეტეს მსგავს კრიტიკას ვერ მივიღებ ხაზარაძის პარტიის წევრისგან. მეორე, ქალბატონო ანა, თქვენ ნუ იდარდებთ ჩვენი პარტიის საარჩევნო სიაზე, ალბათ, ჯობია იდარდოთ თქვენი პარტიის სიაზე, რომელსაც წევრი ფორმალურად უფრო მეტი ჰყავს, ვიდრე ამომრჩეველი!“ - განაცხადა იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტი, დაჩქარებული წესით, განიხილავს „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც საპარლამენტო საარჩევნო სიის ფორმირებისას გენდერული კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს.