დეპუტატმა ჩხეიძეებმა პარლამენტში გამსახურდიას პორტრეტი დაკიდეს - პაპუაშვილმა კოლეგები "არაკეთილსინდისიერებაში" დაადანაშაულა
როსტომ და ნატო ჩხეიძეებმა პარლამენტის შენობაში, სასესიო დარბაზის მოპირდაპირედ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას პორტრეტი განათავსეს.
ნატო ჩხეიძის თქმით, თბილისში არ არის არც ზვიად გამსახურდიას ძეგლი და არც მისი გამოსახულება პარლამენტში.
მან იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე თავისი ბრძანებით ოფიციალურად დააკანონებს ზვიად გამსახურდიას გამოსახულებას პარლამენტის შენობაში:
„ორი დღის წინ იყო დიდი ქართველი პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის საიბულეო თარიღი, რაც არანაირად არ შეიმჩნია ჩვენმა ხელისუფლებამ და პატივი არ მიაგო სახელმწიფოებრივ დონეზე. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან ხელისუფლება ჯიუტად მისდევს 29 წლის წინ დანერგილ საზოგადოებისთვის დამაბნეველ და ისტორიულ სიყალბეს, რომ ჩვენს ქვეყნის დამოუკიდებლობა უნდა გვეზეიმა არა 9 აპრილს, არამედ 26 მაისს.
თბილისში არ არის არც ზვიად გამსახურდიას ძეგლი და არც მისი გამოსახულება პარლამენტში. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურმა ჯგუფმა, „თავისუფლებამ“ რამდენჯერმე მიმართა პარლამენტს, ზვიად გამსახურდიას პორტრეტი ისევე ყოფილიყო საკანონმდებლო ორგანოში, როგორც არის ილიასი, თამარ მეფის თუ პირველი რესპუბლიკის წარმომადგენლების, ეს არ იქნა მიღებული. ამიტომ მე და როსტომ ჩხეიძე იმ უსამართლობას და უკანონობას გამოვასწორებთ და ზვიად გამსახურდიას ფოტოს მივუჩენთ იმ ადგილს, რომელიც მას უნდა დაეკავებინა. იმედი გვაქვს, პარლამენტის თავმჯდომარე თავისი ბრძანებით ოფიციალურად დააკანონებს ზვიად გამსახურდიას გამოსახულებას პარლამენტის შენობაში“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
ნატო და როსტომ ჩხეიძეების მიერ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზთან არსებულ კედელზე ზვიად გამსახურდიას ფოტოსურათის დაკიდებას "სამარცხვინო ქმედებას" უწოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ჩხეიძის განცხადება გამსახურდიას სახელით სპეკულირებაა და მას პარლამენტი საკუთარი სახლის შუშაბანდში ერევა.
„არაკეთილსინდისიერია, როდესაც ზვიად გამსახურდიას სახელით სპეკულირებთ და ეს არის სპეკულაცია თავისი ყველაზე მდაბიო ფორმით. როდესაც საუბრობთ ზვიად გამსახურდიაზე და ქვეყნის დამოუკიდებლობაზე, საქართველოს პარლამენტზე, ეს ნიშნავს ინსტიტუტებს. როდესაც პარლამენტის შენობა გეშლებათ თქვენი სახლის შუშაბანდში და ვერ ხვდებით, როგორ უნდა მოიქცეთ, სად, რა უნდა დაკიდოთ და არ დაკიდოთ, როდის და როგორ ხდება ეს ყველაფერი - ეს არის ზუსტად ზვიად გამსახურდიას ხსოვნის შეურაცხყოფაც და იმისაც, რისთვისაც ის იბრძოდა. ყველაფერს თავისი ფორმა აქვს. თქვენ რომ პარლამენტი თქვენს პირად სივრცეში გერევათ, თქვენი შეხედულებით წყვეტთ, სად, როგორ რა ჩამოკიდოთ, ეს აჩვენებს ამას. ეს არის ყველაფერი ის, რაც არის საწინააღმდეგო ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობისა და მისი დანატოვარისა. რაც თქვენ გააკეთეთ, სირცხვილია. სირცხვილია, როდესაც პარლამენტს და ზვიად გამსახურდიას ხსოვნას აკადრებთ ამას, რომ მისი ხსოვნის სპეკულირებით წყვეტთ, პარლამენტში სად რა მოხდეს და სად იყოს ზვიად გამსახურდიას სურათი გამოფენილი. ასე არ წყდება. სახელმწიფო ასე არ იქცევა და ამიტომაა სამარცხვინო თქვენი საქციელი”, - მიმართა პაპუაშვილმა ჩხეიძეს.
პარლამენტის თავმჯდომარისგანცხადებას სხდომაზევე მოჰყვა ნატო ჩხეიძის გაღიზიანაბა: "სიტყვები შეარჩიეთ" - მიმართა დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარეს.
„ჩვენ ეს სირცხვილი ჩამოგრეცხეთ“,- უთხრა ჩხეიძემ პაპუაშვილს.