რას წერს სახალხო დამცველი პირველ ანგარიშში მარტის აქციებზე?
მარტის აქციები სახალხო დამცველის პირველ ანგარიშში - ლევან იოსელიანის შეფასებით, 7 მარტს, საღამოს საათებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაფრთხილების თაობაზე განცხადებების გაკეთების დროისთვის, აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობდა მისი მთლიანად შეწყვეტისა და მისი ყველა მონაწილის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი.
ომბუდსმენი პირდაპირ ამბობს, რომ ძალადობის იზოლირებული ინციდენტები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მთლიანი შეკრება მიჩნეული იყოს ძალადობრივად.
- „მსგავს შემთხვევებში, ნებისმიერი სახის ჩარევა მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული ინდივიდების ძალადობრივ ქმედებებზე ინდივიდუალური, აუცილებელი და პროპორციული რეაგირების განხორციელებას და ამგვარი იზოლირებული ინციდენტების გამო, მთლიანი შეკრება-მანიფესტაცია არ შეიძლება მიიჩნეოდეს ძალადობრივად“ - არნიშნავს სახალხო დამცველი.
როგორ აფასებს სახალხო დამცველი 8 მარტს განვითარებულ მოვლენებს?
ანგარიშში ნათქვამია, რომ პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეკრების მონაწილეთა გარკვეული ჯგუფის მხრიდან იყო ძალადობრივი ქმედებები, ამ ქმედებებზე „შესაბამისი რეაგირების შემდეგ“ კი უკვე ძალის გამოყენება პარლამენტის წინ მდგომი აქციის მონაწილეების მიმართაც გაგრძელდა. „მათ მიმართ, ვინც მშვიდობიანად განაგრძობდნენ პროტესტს”.
- სახალხო დამცველის შეფასებით, პარლამენტის წინ მყოფი შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა.
სახალხო დამცველი წერს, რომ სიტუაციის ესკალაციის ძირითად მიზეზად სწორედ ძალის გამოყენების გაუმართლებელი შემთხვევბი იქცა.