ემსხვერპლა თუ არა რეპრესიებს მოსამართლის ქმარი -საერთო სასამართლოების დეპარტამენტის პასუხი მაისურაძის ბრალდებებს
საერთო სასამართლოების დეპარტამენტი მოსამართლე მადონა მაისურაძის განცხადებას "ცალსახა სიცრუეს" უწოდებს და ირწმუნება, რომ მაისურაძის ქმარი ბოლო პერიოდში "სისტემატურად არ ცხადდებოდა, ან ნახევარი სამუშაო დღის შემდეგ მიდიოდა სამსახურიდან".
საერთო სასამართლოების დეპარტამენტი "მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობად" აფასებს მადონა მაისურაძის განცხადებას.
გავრცელდა მოსამართლე მადონა მაისურაძის ყოვლად უსაფუძვლო განცხადება, თითქოს მისი მეუღლე მისი პოზიციის გამო სამსახურიდან დაითხოვეს. ეს არის ცალსახად სიცრუე, ვინაიდან, მადონა მაისურაძის მეუღლე და ყოფილი მოსამართლე გიორგი ჩემია, რომელიც წლებია მუშაობს საერთო სასამართლოების დეპარტამენტში, ბოლო პერიოდში სისტემატურად არ ცხადდებოდა სამსახურში, ან ნახევარი სამუშაო დღის შემდეგ მიდიოდა სამსახურიდან.
მას, სხვა თანამშრომლების მსგავსად, შეეთავაზა რომ სამსახურში დროულად გამოცხადებულიყო და სრული სამუშაო დატვირთვით ემუშავა (კოლეგების თანასწორად), რაზეც მან განაცხადა უარი და თქვა, რომ მისთვის ეს გრაფიკი მიუღებელი იყო და ვერ შეძლებდა ინტენსიურ სიარულს, რის შემდეგაც სამსახურის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო.
შესაბამისად, სიცრუეა რომ იგი ვინმემ აიძულა შეეწყვიტა სამსახურებრივი ხელშეკრულება და ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა" - ნათქვამია განცხადებაში.
რეპრესიები სასამართლო სისტემაში - მოსამართლე მადონა მაისურაძის ქმარი, რომელიც მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას მხარს უჭერს, იძულებული გახადეს საერთო სასამართლოების სისტემიდან წასულიყო. ამის შესახებ განცხადება მოსამართლე მაისურაძემ ცოტა ხნის წინ თავად გაავრცელა.