რუსი დივერსანტები თბილისში - ვინ ხედავს პუტინის კვალს აკრძალული იარაღით თავდასხმაში და ვინ არა
რუსი დივერსანტების სპეცოპერაციის უკან აშშ პუტინის კვალს ხედავს. სენატის მაღალჩინოსანი დარწმუნებულია, რომ ამერიკელი დიპლომატის ოჯახზე აკრძალული იარაღით თავდასხმა პუტინის გარეშე არ მოხდებოდა. უკვე მეორე დღეა, მთელი მსოფლიოს დღის წესრიგში სკანდალური ჟურნალისტური გამოძიებაა, საიდანაც გაირკვა, რომ რუსეთის მკვლელობებისა და დივერსიების დანაყოფმა თბილისში იერიში ამერიკის საელჩოს თანამშრომლის ცოლზე მიიტანა.
საქართველოს დედაქალაქში განხორციელებულ სპეცოპერაციაში ყველა რუსეთის კვალს, ხედავს გარდა საქართველოს ხელისუფლებისა. "ოცნების" ლიდერები ამ სკანდალურ ამბავს სპეკულაციას უწოდებენ და ვერც კი ხვდებიან, რატომ უნდა დაიწყოს გამოძიება. ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური კი მეორე დღეა, დუმს. სუსი არათუ გამოძიებას იწყებს, ერთ განმარტებასაც კი არ აკეთებს, როგორ შემოაღწია ქვეყანაში ყველაზე საშიში დანაყოფის წევრებმა, რომლებიც 10 დღის განმავლობაში უპრობლემოდ გადაადგილდებოდნენ.