პარლამენტმა კანონს და კონსტიტუციას დააკარგვინა შინაარსი - კორძაია
"ამ პარლამენტმა კანონს და კონსტიტუციას დააკარგვინა შინაარსი, გათელა მისივე პოლიტიკური გუნდის ქალების უფლებები - შაქარს ჰპირდებით ორუელის ცხენივით თქვენს ქალებს", - ასე მიმართავს დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ კორძაია "ოცნებას" პლენარულ სხდომაზე, სადაც ამ წუთებში გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ ინიციატივა განიხილება.
კორძაია უარყოფითად აფასებს "გირჩის" ახალ კანონპროექტს და პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოში ქალებს გაძლიერება სჭირდებათ.
მე არ მაქვს კითხვა მომხსენებელთან, მე მაქვს კითხვა უმრავლესობასთან, რომელიც უფრო მეტად იცავს ამ კანონს, ვიდრე თავად მომხსენებელი. უმრავლესობის ხმებით გავა კანონი, რომლითაც პარლამენტიდან კი არ დევნიან ქალებს, საერთოდ. მეორე ნაბიჯია ის, რომ რუსეთივით გააუქმოთ ოჯახში ძალადობის შესახებ კანონი, თქვათ, რომ ქალები არ არიან ძალადობის მსხვერპლნი. რად გიღირთ ამის გაკეთება?! რა არის ამის რეალური მიზანი?! შემთხვევით, ის ხომ არა, რომ ქალები ვართ ის ადამიანები, რომლებიც რეალურ, სოციალურ პრობლემებზე ვსაუბრობთ, ბავშვთა და ქალთა უფლებებზე. ქალებს მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ, ამომრჩევლების ნახევარია. მე „ქართული ოცნებისგან“ ველოდები პასუხს, არ მაინტერესებს მომხსენებლის პასუხი. მომხსენებლები ღიმილით ანადგურებენ ადამიანის უფლებებს, ამას ადამიანის უფლებებით ფუთავენ. ამ პარლამენტმა სიტყვას შინაარსი დააკარგვინა. ამ პარლამენტმა კანონს და კონსტიტუციას დააკარგვინა შინაარსი, გათელა მისივე პოლიტიკური გუნდის ქალების უფლებები, რომლებიც გამოდიოდნენ ქალთა უფლებების დაცვის სახელით ამ ტრიბუნიდან და საუბრობდნენ, რომ კვოტირება პროგრესია, ქალების უფლებების დაცვა, „ქართული ოცნების“ მხრიდან კონსტიტუციის მეთერთმეტე მუხლის შესრულება. რას ეუბნებით ამ ქალებს? კაცებმა მიიღეთ გადაწყვეტილება, შეატყობინეთ როგორც გუნდის გადაწყვეტილება და შემდეგ საუბრობთ, რომ კვოტირება არ გჭირდებათ? შაქარს ჰპირდებით ორუელის ცხენივით თქვენს ქალებს. რა გაქვთ პასუხი? რა გაგიჭირდათ ისეთი, რომ კანონი შეასრულოთ და არ გააუქმოთ ეს ვალდებულება, სახელმწიფოებრივად იფიქროთ. მე პასუხს ალექსანდრე რაქვიაშვილისგან არ ვითხოვ“, - აღნიშნა კორძაიამ.
ვრცლად ნახეთ - "გირჩი" გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივით გამოდის და "ოცნებასთან" თანამშრომლობას არ გამორიცხავს.