რუსული კანონის წინააღმედგ ქუჩაში მარტოც გავალ - კაცი, რომელმაც მარტის აქციებზე თვალი დაკარგა
რუსული კანონის შემობრუნების შემდეგ, მარტის აქციის მონაწილეები ისევ პროტესტს აანონსებენ. აქციაზე დაზარალებული ზაზა ბირიაშვილი, რომელმაც თვალი დაკარგა, პირდაპირ ამბობს, რომ ხალხთან ერთად ისევ დადგება, ხოლო თუ ხალხი არ გავა, ის აქციას მარტო მოაწყობს.
გავალთ აუცილებლად. ხალხი თუ გავა, მეც გავალ, თუ არადა, მე გავალ მარტო. კარგი ცხოვრების და ბედნიერი ცხოვრების გამო ვიდექი ქუჩაში, გაჭირვებული ხალხი არ იყოს ამდენი და ევროპა გვინდა, რაც მთავარია.
ჩიტაძის ქუჩის დასაწყისში, დროშა რომ იყო გაშლილი, იმ დროშის ქვეშ ვიყავი და ხომ მოგვწამლეს ერთი ორჯერ, მერე წყლის ჭავლი გამოუშვეს. გავედი, გვერდზე დავდექი, რომ ცოტა ან გავშრე ან გავიდე, რავიცი... გავედი და გასროლა და თვალში მოხვედრა ერთი იყო, - ამბობს მარტის აქციების დაზარალებული ზაზა ბირიაშვილი.
რუსული კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე მოქალაქემ თვალი 1 წლის წინ დაკარგა. კაცს ახლო მანძილიდან ცრემლმდენი ყუმბარის კაფსული თვალში მოხვდა.
ზაზა ბირიაშვილი მარტის აქციების წლისთავზე ამბობს, რომ აქციაზე წასვლის გადაწყვეტილებას არ ნანობს.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა რუსულ კანონს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.