როდესაც დღის წესრიგში დგას ევროკავშირთან დიალოგის გახსნა, რუსული კანონის მიღება კატასტროფული იქნება - პაატა დავითაია
"მმართველი პარტია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ხელახლა ინიცირებით ძალიან სახიფათო გზას დაადგა", - ასე ეხმაურება "ევროპული დემოკრატების" თავმჯდომარე, პაატა დავითაია "ოცნების" მიერ რუსული კანონის დაინიცირებას.
მისი თქმით, როდესაც დღის წესრიგში დგას დიალოგის გახსნა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ამ კანონის მიღებას კატასტროფული შედეგი ექნება ქვეყნისთვის.
ერთი წლის წინ ამ კანონთან დაკავშირებით ჩვენი მოქალაქეების ქუჩაში გამოსვლა, საპროტესტო აქციები და ხალხის მიერ სახელმწიფო ინტერესების დაცვა, გახდა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, რომ ჩვენ მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ყველას მინდა შევახსენო ქალბატონის კადრი ევროკავშირის დროშით, რამაც მთელ ევროპას დაანახა, სად დგას ქართველი ხალხი, რომ მისი არჩევანია ქვეყნის დაბრუნება ევროპულ ოჯახში.
მმართველი გუნდის მიერ კანონის თავიდან ინიცირება, არის უგულებელყოფა იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რის წინაშეც დგას დღეს ქვეყანა. როდესაც კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ დღის წესრიგშია დიალოგის გახსნა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ამ კანონის მიღებას კატასტროფული შედეგი ექნება ქვეყნისთვის. სასამართლოში არსებული პრობლემები და კანონი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ , ხელს შეუშლის დიალოგის გახსნას, რასაც მოჰყვება მკვეთრი რეაქცია ჩვენი პარტნიორების და ევროკავშირისგან და განცხადებები, რომ ქართული სახელმწიფო არ არის მზად, გაიხსნას მასთან დიალოგი, რითიც დაზარალდება ჩვენი ქვეყანა.
მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“ შეაჩეროს ეს პროცესი, რომელიც დიდი ხნით უკან დაწევს ჩვენს ქვეყანას. მოვუწოდებ ოპოზიციას, იყოს ერთიანი ამ თემასთან დაკავშირებით და სახელმწიფო ინტერესის დაცვაში, რაც არის კონსტიტუციის ჩანაწერი - საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისა და ნატოსკენ - აცხადებს პაატა დავითაია.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა რუსულ კანონს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.