ახალი საპროტესტო ტალღა სტარტს იღებს - მოქალაქეები რუსულ კანონს უპირისპირდებიან

03.04.24 17:55
ახალი საპროტესტო ტალღა სტარტს იღებს - მოქალაქეები რუსულ კანონს უპირისპირდებიან

ახალი საპროტესტო ტალღა სტარტს იღებს -  სხვადასხვა პროფესიის ადამიანები რუსული კანონის დაინიცირებას აპროტესტებენ. 

სამოქალაქო აქტივისტები, ხელოვანები და სტუდენტები ერთი მიზნის გარშემო გაერთიანებასა და გამარჯვებამდე ბრძოლას აანონსებენ.

განსხვავებული ასაკის ადამიანები "პირველებთან" პირდაპირ ამბობენ, რომ ახლა საქართველოს უახლესი ისტორია იწერება, ამიტომ საზოგადოებამ უნდა გააკეთოს არჩევანი, შევიდნენ ევროპაში, თუ დაბრუნდნენ რუსეთში.

გამჭვირვალობაზე გველაპარაკება პარტია, რომელმაც რუსულ აგენტად მხილებული ფარცხალაძის გამო, ლამის საბანკო სისტემა ჩამოგვაქცია თავზე და მათ შორის, თავად მათი ამომრჩეველი გაწირეს. დიდი იმედი მაქვს, რომ ადამიანები, რომელთაც საქართველოს ბედი გვაწუხებს, კვლავ გავერთიანდებით და პასუხს გავცემთ ამ უმსგავსობას", - ამბობს ნანკა კალატოზიშვილი.

მსახიობი კახა გოგიძე "ქართულ ოცნებას" რუსული პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ნაცვლად იმისა, პარტიამ ეროვნული ინტერესის მიხედვით იმოქმედოს, ოლიგარქის გუნდის წევრები კრემლთან პოლიტიკურ ფლირტს არჩევენ.

ჩაგვაგდეს ჩვეულებრივად რა, როგორც სჩვევიათ ჟულიკებს. სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ. ამათ მხოლოდ ეს ესმით. მერე რომ გამოდიან და ლაპარაკობენ, რატომ არის რუსული კანონიო, ამას კითხულობს ის, ვინც ფრენები აღადგინა, პარლამენტის გვერდით დაუჯდა რუსეთიდან ჩამოსულ აგენტს და რუსეთ-ირანის რკინიგზის აღდგენაზე საუბრობს. ამას სვამს ის, ვინც რუსეთის "ფე ეს ბეს" აგენტი ჩაუშვა თავდაცვის მინისტრს. ამათთან საერთოდ არ უნდა ილაპარაკო", - თქვა კახა გოგიძემ.

ამ დროსითვის არსებული ინფორმაციით, პროტესტის მთავარი ეპიცენტრი საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია იქნება. თუ როდის დაიწყება უწყვეტი აქციები მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც რუსულ კანონს პარლამენტში "ოცნება" დააინიცირებს.

მსგავსი სიახლეები