"გირჩის" წარმომადგენლები ქალ დეპუტატებს "ჰარამხანას" და "ჰარემს" უწოდებენ - დეკანოიძე

04.04.24 12:07
"გირჩის" წარმომადგენლები ქალ დეპუტატებს "ჰარამხანას" და "ჰარემს" უწოდებენ - დეკანოიძე

ქალი დეპუტატების წინააღმდეგ ბრძოლა პარტია "გირჩს" ძვირი უჯდება -  საკანონმდებლო ორგანოში სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმებით "გირჩი" ამნისტიის შესახებ კანონზე ხელმომწერებს კარგავს.

მიუხედავად იმისა, რომ "ევროოპტიმისტების" ლიდერი, ხატია დეკანოიძე მხარს უჭერს "გირჩის" ინიციატივას ამნისტიის შესახებ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პარლამენტს მიმართავს, რომ კანონზე მისი ხელმოწერა გაუქმებულად ჩაითვალოს.

დეკანოიძე ამბობს, რომ "გირჩს" ადამიანების უფლებები არ ადარდებს და მათი მთავარი მიზანი პარლამენტში მოხვედრაა.

ერთ-ერთი ხელმომწერი ვიყავი. ზოგადად ვიზიარებ ყველა ჰუმანური აქტის განხორციელების პროცესს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ ჯგუფის წარმომადგენლები ქალ დეპუტატებს უწოდებენ "ჰარამხანას" და "ჰარემს", მას შემდეგ, რაც კვოტასთან დაკავშირებით წარმოუდგენლად უხარისხო დისკუსიაა და წარმოუდგენლად მძიმე გადაწყვეტილებას ჩაუყარეს საფუძველი "ქართულ ოცნებასთან" ერთად, მე არ ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებს ანუ, "გირჩს" პარლამენტში ადამიანის უფლებები ადარდებს. ერთადერთი მიზანი, რაც მათ აქვთ არის ის, რომ როგორმე ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ შემდეგ პარლამენტში მოხვდნენ", - ამბობს დეკანოიძე.

დაადებს თუ არა ახალ კანონპროექტს ვეტოს სალომე ზურაბიშვილი, უცნობია. პრეზიდენტს ამ დრომდე არ გამოუხატავს საჯაროდ საკუთარი დამოკიდებულება საკანონმდებლო ორგანოში სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმებასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, 3 აპრილს, პარლამენტმა "გირჩის" ინიციატივას სამივე მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონის თანახმად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიებს აღარ ექნებათ ვალდებულება სიაში ქალები ჩაწერონ და პარლამენტში შეიყვანონ. 

მსგავსი სიახლეები