მივმართავ ივანიშვილს და მის პარტიას, მართლა რა დღეში ხართ, ხალხო? - გიორგი ვაშაძე
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და მათ ანტიქართულ ქმედებებში ადანაშაულებს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, რუსული კანონის დაბრუნებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ მმართველ პარტიას ქვეყნის ევროინტეგრაცია არ სურს და მათ მიზანს მხოლოდ საკუთარი გამდიდრება წარმოადგენს.
გიორგი ვაშაძე "ოცნებას" აფრთხილებს, შეწყვიტოს ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლა, რადგან მოახლოებულ არჩევნებზე ქართველი ხალხი საკადრის პასუხს გასცემს.
მივმართავ ივანიშვილის პარტიას, პირადად, ბიძინა ივანიშვილს. მართლა რა დღეში ხართ ხალხო? რა დღეში ჩაგაგდოთ ივანიშვილის პარტიამ? პარტიის ყველა წევრს ვეუბნები. ანტიქართული ქმედებები როდემდე უნდა გააგრძელოთ? რუსული კანონი ხომ პირდაპირი გზავნილია, რომ თქვენ ევროკავშირი არ გინდათ? გზავნილია, რომ არ გაინტერესებთ საქართველოს განვითარება, მისი ევროკავშირში ინტეგრაცია. თქვენ გინდათ მხოლოდ და მხოლოდ თქვენ გამდიდრდეთ და ხალხი გაღარიბდეს. გინდათ, რომ ეს ქვეყანა მხოლოდ თქვენთვის არსებობდეს, მაგრამ ეს არცერთ შემთხვევაში არ გაგივათ. გასულ წელს ერთხელ ხომ უკან წაგაღებინათ ეს ყველაფერი ქართველმა ხალხმა. წელს, 26 ოქტომბერს არის არჩევნები, სადაც საქართველოს ბედს ქართველი ხალხი გადაწყვეტს. ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს და თქვენ ძალიან მძიმე ადგილს მოგიჩენთ. ხედავთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების განცხადებებს აშშ-დან, ევროკავშირიდან, ყველა გაოცებულია და შოკშია. როდემდე უნდა გააგრძელოთ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლა, როდემდე უნდა გააგრძელოთ ევროპული პერსპექტივის საბოტაჟი?
ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ მივმართავ, რა გინდათ ამ ქვეყნისგან? დაანებეთ ამ ქვეყანას თავი, დაგვანებეთ თავი. საზოგადოებას მივმართავ, უნდა გავერთიანდეთ, - განაცხადა ვაშაძემ.