ივანიშვილის აღქმებით მართავთ ქვეყანას - თეონა აქუბარდია "ოცნებას"
"კრიტიკული მედია, ონლაინ პლატფორმები და არასამთავრობო ორგანიზაციები" - ეს ის ჩამონათვალია, რომელიც თეონა აქუბარდიას თქმით, ქართველი ოლიგარქის გუნდმა მიზანში ამოიღო.
დამოუკიდებელი დეპუტატი პირდაპირ ამბობს, რომ "უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლის" იარლიყით "ოცნებას" მესამე სექტორის დემონიზება სურს.
კრიტიკული მედია, ონლაინ პლატფორმები და არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ამ კანონის სამიზნეები და "ქართული ოცნება" კიდევ ერთხელ აღიარებს, რომ ეს არც გამჭვირვალობისთვის კეთდება, არც ეროვნული ინტერესებისთვის იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ფულის გათეთრების და ტერორიზმის შესახებ მინიმუმ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას შექმნიდნენ და ვიმსჯელებთ, რა საფრთხეს ქმნიან არასამთავრობო ორგანიზაციები და დასავლეთი ამ ქვეყნისთვის. თუ გამოძიება არ არსებობს, მტკიცებულება არ არსებობს და ივანიშვილის აღქმებით უნდა იყოს ამ ქვეყნის მართვა, მაშინ გასაგებია, საით მიდის საქმე", - ამბობს აქუბარდია.
სამ აპრილს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ნგუნდი, რუსული კანონის მიღებას აპირებს.
"ქართულ ოცნებაში" ითქვა ისიც, რომ რუსული კანონის დაბრუნებას მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.
საგანგებო ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ მედიას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომლსაც ზუსტად 1 წლის წინ საზოგადოების უპრეცენდენტო ვნებათაღელვა მოჰყვა, პარლამენტში დაინიციირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო ინიციირებული.
ერთადერთი განსხვავება იქნება, რომ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლდება ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
ოპოზციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა მოქმედებაზე გადასვლა უკვე დააანონსეს.