"დიახ, ევროპაში მივდივართ!" -"ოცნება" რუსულ კანონს ევრორეკომენდაციად ასაღებს

04.04.24 14:30
"დიახ, ევროპაში მივდივართ!" -"ოცნება" რუსულ კანონს ევრორეკომენდაციად ასაღებს

მამუკა მდინარაძე რუსულ კანონს ევრორეკომენდაციად ასაღებს  - "სად მივდივართ? - ევროპაში, ამ კანონითაც! დიახ, ევრორეკომენდაციაა ეს კანონი მათ შორის", - თქვა მედიასთან უმრავლესობის ლიდერმა. 

მდინარაძე ამტკიცებს, რომ „გამჭვირვალობა გაუმჭვირვალობით იცვლება, ხელისუფლება ვალდებულია, თავისი სიტყვა თქვას“.

„ჩვენ ხომ ვამბობდით, რომ აღარ ვუბრუნდებოდით კანონს, ჩვენ ხომ ვამბობდით, ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც გადათქვამს თავის ნათქვამს, ხელისუფლებას დაკარგავს, ძვირად დაუჯდებაო, მაგრამ მეორე მხარეს შესასრულებელია პირობა, რომელიც კი არ შესრულდა, მდგომარეობა გაუარესდა. ნებისმიერ შემთხვევაში, როცა გამჭვირვალობა გაუმჭვირვალობით კიდევ უფრო იცვლება, ხელისუფლება ვალდებულია, „გადაგდების“ საპირისპიროდ თავისი სიტყვა თქვას“, - განაცხადა მდინარაძემ.

"ოცნების" ლიდერმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, რობინ დანიგანს მადლობა გადაუხადა. მდინარაძე ამტკიცებს, რომ „წინა შემთხვევისგან განსხვავებით,  მოზომილი განცხადება გააკეთეს  მეგობარი ქვეყნიდან". 

ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ხალხი იყო ქუჩაში გამოსულიო, რა თქმა უნდა, ხალხი იყო ქუჩაში გამოსული, მაგრამ შარშანდლისგან განსხვავებით, აბსოლუტურად მოზომილი განცხადებაა. ევროპული განცხადებები, ოფიციალური წარმომადგენლობების განცხადებები გაცილებით მოზომილია შარშანდელთან შედარებით. შარშან, პირდაპირ ამბობდნენ, ეს „რუსული კანონი“ არისო. რატომ ვუხდი ქალბატონ დანიგანს მადლობას - პერსონალურად მისი განწყობა შეესაბამება იმ რეალურ მეგობრობას, რაც ორ ქვეყანას შორის უნდა იყოს, ჩანს რომ ის წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებს, სხვისგან განსხვავებით, რომელიც როგორც აღმოჩნდა, კონკრეტული ძალის ინტერესებს წარმოადგენდა“, - განაცხადა მდინარაძემ.

"ქართული ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი, დავით მათიკაშვილი ირწმუნება, რომ გამჭვირვალობა ევროპულ ღირებულებებთან პირდაპირ თანხვედრაშია და ინიციატივა საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას ხელს შეუწყობს.

გამჭვირვალობა არის, პირველ რიგში, ევროპა. ეს ძალიან კარგად უნდა გავითვალისწინოთ ჩვენც და ყველამ, ვინც რაიმე განაცხადა, ან დღეს დააპირებს, თუნდაც ევროკავშირიდან ჩვენი პარტნიორები, ან ქვეყნის შიგნით რაიმე განცხადების გაკეთებას. კანონის უზენაესობა, სამართლიანობა და გამჭვირვალეობა არის უპირველესი პრინციპი და ხერხემალი ევროპის. თუკი ევროკავშირში გამჭვირვალეობის საკითხი დგას დღის წესრიგში, მოდი ნურავის ნუ გაუკვირდება, რომ ეს ევროკავშირის საწინააღმდეგოდ კი არა, ევროკავშირთან დასაახლოებელ გზად მიიჩნიოს ყველა კანონპროექტი", - ამბობს მათიკაშვილი.

რუსული კანონი უკვე პარლამენტშია - 3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი, რუსული კანონის მიღებას აპირებს.

"ქართულ ოცნებაში" ითქვა ისიც, რომ რუსული კანონის დაბრუნებას მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.

საგანგებო ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ მედიას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომლსაც ზუსტად 1 წლის წინ საზოგადოების უპრეცენდენტო ვნებათაღელვა მოჰყვა,  პარლამენტში დაინიციირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო ინიციირებული.

ერთადერთი განსხვავება იქნება, რომ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლდება ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

 ოპოზციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა მოქმედებაზე გადასვლა უკვე დააანონსეს. 

 

მსგავსი სიახლეები