"ებრძვიან ქალებს"... "ეს ყველაფერი დასრულდება არჩევნებზე" - რა შეფასებები მოჰყვა პრეზიდენტის ვიზიტის დაბლოკვას

04.04.24 17:25
"ებრძვიან ქალებს"... "ეს ყველაფერი დასრულდება არჩევნებზე" - რა შეფასებები მოჰყვა პრეზიდენტის ვიზიტის დაბლოკვას

პრეზიდენტის ვიზიტების დაბლოკვა გრძელდება - პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის ლიეტუვაში ვიზიტზე უარის თქმას ხელისუფლების ოპონენტები სადამსჯელო ღონისძიებად აფასებენ.

ირაკლი ღარიბაშვილის მემკვიდრეობის გადმობარებით ირაკლი კობახიძე პრეზიდენტს განსხვავებული აზრის გამო რომ სჯის, ამაზე საუბრობენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და ამბობენ, რომ "ოცნებისთვის" ყველა ის პირი მტერია, ვინც ქვეყანას ევროკავშირთან ააახლოებს.

ღარიბაშვილი იქნება, კობახიძე თუ სხვა, რა მნიშვნელობა აქვს - მათ ხომ აერთიანებთ ერთი ამოცანა და ეს არის ამ ქვეყნის ევროპული მომავლის წართმევა საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამიტომ არ მიკვრის კობახიძემ ეს თუ მართლა გააკეთა, იმიტომ, რომ ეს ჯდება დღის წესრიგში „ქართული ოცნების“ და ეს ყველაფერი დასრულდება არჩევნებზე, როდესაც დავასრულებთ კობახიძეს, ღარიბაშვილს და მათ მმართველ პარტიას,“ - ამბობს სამადაშვილი.

პრეზიდენტისთვის ვიზიტის დაბლოკვა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისთვის თინა ბოკუჩავასთვის ქალების დევნის კიდევ ერთი დასტურია.

ივანიშვილის პარტია ებრძვის ქალებს და დევნის ქალებს პარლამენტიდან, პოლიტიკიდან, ეკონომიკიდან, მათ შორის იძულებით ემიგრაციაში და ასევე ებრძვის დამოუკიდებელ ინსტიტუტს, ებრძვის პრეზიდენტის ინსტიტუტს, რადგან ებრძვის ყველა განსხვავებულ აზრს,“ - ამბობს თინა ბოკუჩავა.

პრეზიდენტის ინსტიტუტმა რომ დიდი როლი ითამაშა კანდიდატის სტატუსის მიღებაში, ამაზე საუბრობს "ახალის" წევრი ანა გოგოლაძე და თვლის, რომ "ოცნება" ზურაბიშვილს სწორედ პროევროპულობის გამო ებრძვის.

სალომე ზურაბიშვილი არის ის პოლიტიკური ფიგურა და წარმოადგენს იმ სახელმწიფო ინსტიტუტს, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში და ხალხის კონსოლიდაციის პროცესში. შესაბამისად, "ქართული ოცნებისთვის" ყველა არის მტერი, ვინც ხალხის დაახლოებას ემსახურება ევროკავშირთან,“ - ამბობს ანა გოგოლაძე.

პრეზიდენტის ვიზიტების დაბლოკვა ირაკლი კობახიძემაც დაიწყო - საქართველოს მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს ლიეტუვაში ვიზიტზე უარი უთხრა. ირკვევა, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა თანხმობისთვის მთავრობას 27 მარტს მიმართა, თუმცა მთავრობის განკარგულებით, ვიზიტზე უარი ეთქვა.

მსგავსი სიახლეები