შეშფოთებული ვარ - ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი რუსულ კანონზე
რუსული კანონის დაბრუნებას ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეხმიანება. მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი შეშფოთებას ვერ მალავს:
„შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის აღდგენით. გასულ წელს, საქართველოს ბევრ მეგობართან ერთად, მივესალმე ამ საკანონმდებლო წინადადების გატანას. დღესაც ვიმეორებ, რომ კონსტრუქციული დიალოგი და ჩვენი სტანდარტების დაცვა საკვანძო საკითხია“, - აცხადებს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი.
რუსული კანონი უკვე პარლამენტშია - 3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი, რუსული კანონის მიღებას აპირებს.
"ქართულ ოცნებაში" ითქვა ისიც, რომ რუსული კანონის დაბრუნებას მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.
საგანგებო ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ მედიას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომლსაც ზუსტად 1 წლის წინ საზოგადოების უპრეცენდენტო ვნებათაღელვა მოჰყვა, პარლამენტში დაინიციირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო ინიციირებული.
ერთადერთი განსხვავება იქნება, რომ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლდება ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
ოპოზციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა მოქმედებაზე გადასვლა უკვე დააანონსეს.