"ოცნება" ტოლობის ნიშანს სვამს მტერსა და მეგობარს შორის - აქუბარდია
"ოცნება" ტოლობის ნიშანს სვამს მტერსა და მეგობარს შორის", - ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი, თეონა აქუბარდია მმართველი პარტიის მიერ რუსული კანონის ხელახლა დაინიციირებას.
აქუბარდია ამბობს, რომ ოლიგარქის გუნდის მიერ წარდგენილი ინიციატივა ევროინტეგრაციის გზაზე საზოგადოებისა და ქვეყნის სრულ რეგრესს განაპირობებს.
"ქართული ოცნება" ამბობს, რომ არ იცხოვროთ თქვენ იმ ქვეყანაში, სადაც მთავარი უფლებები არის გარანტირებული კანონით. ამ მოცემულობაში, ჩვენი მეგობრები აკეთებენ შეშფოთებულ განცხადებებს. ისევე როგორც აფრთხილებენ მთავრობას, რომ მეორეჯერ იგივე მდინარეში არ შევიდეს, რადგან ამით ხალხს უსპობს საქართველოში კეთილდღეობის შესაძლებლობას. "ქართულ ოცნებას" ეშინია, რომ რუსეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა მოხდეს და ისინი ტოლობის ნიშნის დასმას ცდილობენ მტერსა და მეგობარს შორის. მტრის სახეს აფერმკრთალებენ და ამ მოცემულობით, რუსეთი კიდევ უფრო შორს წავა თავისი ინტერესების მიღწევაში", - ამბობს აქუბარდია.
პარლამენტში რუსული კანონის ერთ-ერთი წარმდგენი ბაქოს საბჭოთა უმაღლესი პარტიული სკოლის კურსდამთავრებული, რიმა ბერაძე იქნება.
"პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ საკანონმდებლო ორგანოში ორშაბათს, 12:00 საათზე დაგეგმილია რუსული კანონის პრეზენტაცია, რომელზეც რამდენიმე ორგანიზაციაა მიწვეული.
წყარომ "ტვ პირველის" ახალი ამბების სამსახურს მიაწოდა მოსაწვევის ასლი, სადაც ვკითხულობთ, რომ მოწვეულ სტუმრებს კანონპროექტს დეპუტატები რიმა ბერაძე, გივი მიქანაძე და რატი იონათამიშვილი წარუდგენენ. შეხვედრა 90 წუთს გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნება" ბიუროს სხდომაზე რუსული კანონის ინიციირებას საპარლამენტო განხილვებისთვის ორშაბათს, 8 აპრილს გეგმავს.
რატომ არის აუცილებელი რუსული კანონის მიღება? - დეპუტატების ამ კითხვებს რიმა ბერაძემ და რატი იონათამიშვილმა უნდა უპასუხონ.
მოსაწვევი, რუსული კანონის განხილვაზე, განათლების საპარლამენტო კომიტეტის სახელით, თავმჯდომარის თანაშემწემ, ანატოლი კორეპონოვმა გააგზავნა.
სამ აპრილს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი რუსული კანონის მიღებას აპირებს. "ქართულ ოცნებაში" ითქვა ისიც, რომ რუსული კანონის დაბრუნებას მხარს უჭერს "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.
საგანგებო ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ მედიას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომლსაც ზუსტად 1 წლის წინ საზოგადოების უპრეცენდენტო ვნებათაღელვა მოჰყვა, პარლამენტში დაინიციირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო ინიციირებული.
ერთადერთი განსხვავება იქნება, რომ ტერმინი "უცხოური გავლენის აგენტი" ჩანაცვლდება ტერმინით "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია".
ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა მოქმედებაზე გადასვლა უკვე დააანონსეს.
საქართველოს მთავრობის ქმედებები დასავლეთის დღის წესრიგის მთავარ ამბადაც იქცა. "ოცნებას" წითელი ბარათი ბაიდენის ადმინისტრაციიდან უკვე მესამედ უჩვენეს. სახელმწიფო დეპარტამენტი ივანიშვილის მთავრობას აფრთხილებს - ან იქნება კანონი, ან საქართველოს ექნება ევროპული მომავალი.