იდენტიფიცირებულია "ოცნების" პარტაქტივი, ვინც აქტივისტებს რუსული კანონის მხარდამჭერი პოსტების ჩამოხსნისას თავს დაესხა
იდენტიფიცირებულია ყველა ის პირი, ვინც რუსული კანონის მოწინააღმდგეებს თავს დაესხა. ყველა საჯარო მოხელე და "ქართული ოცნების" პარტიული აქტივისტია. საქმე ეხება მარჯანიშვილზე გუშინ მომხდარ ინციდენტს, როდესაც ისინი სამოქალაქო აქტივისტებს არ აძლევდნენ საშუალებას, რომ სიძულვილის შემცველი პოსტერები ჩამოეხსნათ. "ოცნების" აქტივი ირწმუნებოდა, რომ ადგილობრივი მცხოვრებლები იყვნენ და უბრალოდ, პოსტების ჩამოხევას ეწინააღმდეგებოდნენ.
სამოქალაქო აქტივისტებმა ადგილზე სამართლდამცველები გამოიძახეს, თუმცა პოლიციამ ისინი გამოკითხვაზე გადაიყვანა და მხოლოდ დღეს დილით გამოუშვა.
ქუჩაში 90-იანი წლების მსგავსად კედლების ომზე გადმოვიდნენ და სისხლისნი ბანერების მეორე ნაწილი დაიწყეს. გადავწყვიტე მეგობრებთან ერთად, რომ უბრალოდ, მომეშორებინა ქალაქიდან, იმიტომ, რომ არის სისულელე და დეზინფორმაცია. ამაზე, როგორც ჩანს, "ქართული ოცნება" გაღიზიანდა, შუა მუშაობაში ვიყავით, მოვიდა ერთი წითური ბიჭი, ეგ არის დიდუბე-ჩუღურეთის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ქოცი ახალგაზრდულის მხრივ და როგორც ჩანს, მისივე გაკრული იყო. ეს ყველაფერი იყო კარგად ორკესტრირებული ბრძოლა ჩვენს წინააღმდეგ. ეს ყველაფერი იყო ერთი დიდი ჩვენება "ქართული ოცნების" ბანდ-ფორმირებების, - ამბობს აქტივისტი.
"ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილი ირწმუნება, რომ პოსტების ჩამოხევა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა. ამასთან, კუჭაშვილი თავდაპირველად ამტკიცებდა, რომ "პირველები" იტყუებოდა, როდესაც ამბობდა, რომ აქტივისტებს თავს "ოცნების" პარტაქტივი დაესხა, თუმცა შემდეგ სიმართლის აღიარება მოუწია.
ჩამოხევა, ზოგადად, რაღაცის, არის გამოხატვის თავისუფლების ერთგვარი შეზღუდვა. თქვენ რაღაცეებს იგონებთ, როგორც ყოველთვის. შეიძლება გაიარა ადამიანმა, ნახა, რომ კონკრეტულ ლოკაციაზე რაღაცას ხევენ და არ მოეწონა, ეს მოქალაქეობრივი პოზიციაა მისი, - ამბობს კუჭაშვილი.
საკანონმდებლო ორგანოში დღეს რუსული კანონის განხილვა იწყება. კანონის მოწინააღმდეგეები საქართველოს პარლამენტის შენობასთან შეკრებას 14:00 საათიდან გეგმავენ. ქუჩაში გავლენ ის მოქალაქეებიც, ვინც მარტის აქციებზე იდგნენ და ხელისუფლებას სახიფათო კანონი უკან გაახმობინეს.