პასუხი კითხვაზე: რა უნდა თეატრში და პოლიტიკას? - ფეისბუქ სტატუსი, რომელსაც პრეზიდენტი იწონებს
პასუხი კითხვაზე: რა უნდა თეატრში და პოლიტიკას? - ამ შინაარსის სტატუს აზიარებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი facebook-ის პირად გვერდზე.
საუბარია ქართველ პოეტზე, პროზაიკოსსა და ჟურნალისტზე, რომელიც რუსულ საფრთხეებზე ღიად საუბრობს და 1882 წლის 20 იანვარს თეატრში განვითარებულ მოვლენებზე წერს.
"სამშობლო" ასე ერქვა სპექტაკლს, სადაც მსახიობებს ქართული დროშები გამოჰქონდათ და რასაც რუსეთის რეაქცია მოჰყვა.
"რუსეთს ცირკის კლოუნებად ვჭირდებით ჩვენი დროშებიანად"- წერს ბელა ჩეკურიშვილი.
1882 წლის 20 იანვარს თბილისში, მტკვრის პირას თეატრში დავით ერისთავის "სამშობლო" დაიდგა, რომელიც უმნიშვნელოვანეს თეატრალურ მოვლენად იქცა იმ დროინდელ საქართველოში. თბილისის შემდეგ წარმოდგენები გაიმართა ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში. სპეკტაკლი მთავრდებოდა იმით, რომ მსახიობებს სცენაზე ქართული დროშები გამოჰქონდათ.
როგორც 1917 წელს გამოცემულ პიესა "სამშობლოს" შესავალ წერილში სერგო გერსამია წერს, დროშების დანახვაზე შავრაზმელებმა "დორბლები ყარეს", ხოლო მოსკოვში გამომავალ მონარქისტულ გაზეთში "მოსკოვსკიე ვედომოსტი", მისმა რედაქტორმა კატკოვმა ქართველებს დასცინა: ჯობია, ეგ დროშები ცირკს მიჰყიდოთ, პანტომიმაში გამოიყენებენო.
როგორ გამოეხმაურა კატკოვს ქართული პრესა, ქართული თავადაზნაურობის წინამძღოლი შალვა მაღალაშვილი თუ ილია ჭავჭავაძე - ამას ჩემს თაობას საბჭოთა სასკოლო სახელმძღვანელოებში გვასწავლიდნენ. ასე რომ იმათ, ვისაც დღეს თეატრიდან პოლიტიკური განცხადებები უკვირთ, სკოლაში ნასწავლი ეს მასალა ძალიან კარგად უნდა ახსოვდეთ.
ხოლო ვისაც სკოლაში არ უსწავლია, გეტყვით, შალვა მაღალაშვილის წერილის დასაწყისი ასე ჟღერდა : „დედამიწის ზურგზე არ არის ისეთი ბარბაროსი, რომელიც პატივს არ სცემდეს იმ ხალხის წმინდათა-წმინდას, რომელიც ეროვნულ პატიოსნების და თავმოყვარეობის ემბლემად ითვლება. რომელი დროშა უნდა გადავცეთ ცირკს, რომელ დროშებზე ლაპარაკობს „მოსკოვსკიე ვედომოსტი“, იმ დროშაზე ხომ არა, რომელსაც მთელი თორმეტი საუკუნის მეტ მანძილზე ამაყად ატარებს ქართველი ხალხი, თავის შვილების მიერ დაღვრილ სისხლით პატიოსნად იცავდა მას, არავის წააბილწვინა იგი და ასე შეურცხვენლად მიიტანა მეცხრამეტე საუკუნის ბჭეებამდე...“
მე კი განვავრცობ თემას და გეტყვით, რომ კატკოვის წერილის გარშემო გამართულ დისკუსიაში ერთი დეტალი იქცევს განსაკუთრებით ყურადღებას:
საქმე ისაა, რომ დავით ერისთავმა პიესა "სამშობლო" ფრანგი დრამატურგის ვიქტორიენ სარდუს ამავე სახელწოდების დრამის სიუჟეტზე ააწყო. ფრანგულ ვერსიაში თუ ასახული იყო ფლანდრიელთა ბრძოლა ესპანელების წინააღმდეგ, დავით ერისთავმა შაჰ-აბასის პერიოდი აიღო და პერსონაჟებიც ქართულ ხასიათებს მოარგო.
შალვა მაღალაშვილის წერილის საპასუხოდ "მოსკოვსკიე ვედომოსტმა" ახალი წერილი გამოაცხო სათაურით: "ყველაფერს ფრანგები გვიფუჭებენ" !
დიახ, ძვირფასო პუბლიკავ, რუსეთს ცირკის კლოუნებად ვჭირდებით ჩვენი დროშებიანად და თუკი ამ როლს არ დავეთანხმებით, ხელს ევროპისკენ გაიშვერენ: ეგენი გაქეზებენო, როგორც ეს 1882 წელს გააკეთეს.
როგორც ვხედავთ, ქართულ-რუსულ ურთიერთობაში დღემდე არაფერი შეცვლილა.
დაინტერესებულ მკითხველს კი შეუძლია, ინტერნეტში მოიძიოს როგორც პიესა "სამშობლოს" ტექსტი, ასევე სერგო გერსამიას წერილი ამ პიესის დადგმისა და მის გარშემო გამათულ დებატებზე, რომელიც 1917 წელსაა დაწერილი"- წერია ვრცელ წერილში.
ცნობისთვის, რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობას დღესაც უწევს ბრძოლა. რუსული კანონის შემობრუნების შემდეგ, საზოგადოება ისევ გაერთიანდა, მოქალაქეები უარს ეუბნებიან რუსეთს და ევროპულ მისწრაფებებს ქუჩაში იცავენ.
პროტესტმა იფეთქა თეატრშიც "საშინელი საშიშროების წინაშე ვართ სულ ყველა“ - ამ სიტყვებით დაამთავრეს სპექტაკლი „მეფე ლირი“ მუსკომედიის თეატრის მსახიობებმა, რასაც დარბაზში ოვაციები და ტაში მოჰყვა.
„ის ერთი კაცი" - ასე მოიხსენიეს მსახიობებმა ბიძინა ივანიშვილი.
უმწვავესი იყო „სუხიშვილების" შეფასებებიც "ტვ პირველთან". მათ პირდაპირ თქვეს, რომ "ეს კანონი საქართველოს ევროკავშირს აცილებს". ილიკო სუხიშვილმა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას "რეჟიმი" უწოდა.
სოლიდარობა აქციის მონაწილეებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმაც გამოუცხადა - ფეხბურთელის შემდეგ კი განცხადება მისმა ოჯახმა გაავრცელა და თქვა, რომ "პოზიცია უცვლელია".