დანიგანის და ფიშერის შემდეგ კლეიტონი - რუსული კანონით გამოწვეული პროტესტის ფონზე, ღარიბაშვილი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
"ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი რუსული კანონის ხელახალი დაინიცირებით გამოწვეული პროტესტის ფონზე, საქართველოს საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს.
ამერიკის ელჩის და გერმანიის ელჩის შემდეგ, ღარიბაშვილის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული ოცნება" ავრცელებს.
ოფიციალურ განცხადებაში საუბარი არ არის იმის შესახებ, რომ შეხვედრის დროს მსჯელობა იყო რუსულ კანონთან დაკავშირებით.
პარტიის პრესსამსახურის მტკიცებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში წარმატებულ თანამშრომლობას, ასევე, პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების საკითხებს.
„ხაზი გაესვა გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვან წვლილს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ასევე, რეგიონში და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების საკითხებსა და გამოწვევებზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.