SJC: რუსული კანონის მიღება საქართველოს შეუქცევადად დააყენებს ავტორიტარულ რეჟიმად გარდაქმნის გზაზე

11.04.24 18:09
SJC: რუსული კანონის მიღება საქართველოს შეუქცევადად დააყენებს ავტორიტარულ რეჟიმად გარდაქმნის გზაზე

საქართველოსთან დაკავშირებით Freedom House-ის კრიტიკულ ანგარიშს "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ეხმაურება. 

SJC-ის განცხადებით, მაშინ, როცა Freedom House-მა საქართველო, როგორც ნახევრად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმად ქცევის გზაზე მყოფ ქვეყნად შეაფასა, რუსული კანონის მიღება საქართველოს „შეუქცევადად დააყენებს ავტორიტარულ რეჟიმად გარდაქმნის გზაზე”.

არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს სამთავრობო გუნდს, უარი თქვას კანონპროექტის მხარდაჭერაზე.

ანგარიშში საქართველოს დემოკრატიისთვის მნიშვნელოვან მოვლენად არის მოხსენიებული 2023 წლის მარტის მოვლენები, როდესაც ქვეყანამ შეძლო, მასობრივი საზოგადოებრივი პროსტესტისა და საერთაშორისო ზეწოლის დამსახურებით, თავიდან აეცილებინა სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის თავისუფლების შემზღუდავი “უცხოეთის გავლენის აგენტების” შესახებ “რუსული სტილის” კანონის მიღება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ როდესაც საშინაო და საერთაშორისო წინააღმდეგობა სათანადოდ ძლიერია, ჰიბრიდული რეჟიმები შეიძლება დათმობაზე წავიდნენ კონკრეტულ საკითხებზე, როგორც ეს 2023 წლის მარტში საქართველოში მოხდა. Freedom House აღნიშნავს, რომ Სწორედ შეკრების უფლების ეფექტური რეალიზაციის  შესაძლებლობა და განსხვავებული აზრის ჩასახშობად ფიზიკური ძალადობის იშვიათად გამოყენება განასხვავებს ჰიბრიდულ რეჟიმს ნახევრად კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმისგან. 

ანგარიშში გაკეთებული დასკვნების მიხედვით, კიდევ უფრო ცხადი ხდება, რომ 2024 წელს “რუსული კანონის” მიღება საქართველოს შეუქცევადად დააყენებს ავტორიტარულ რეჟიმად გარდაქმნის გზაზე და განუსაზღვრელი ვადით შეზღუდავს ქვეყნის დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პერსპექტივას. Სწორედ ამიტომ, “ქართულმა ოცნებამ” პატივი უნდა სცეს 2023 წლის საზოგადოებრივი პროტესტის მონაპოვარს და საბოლოოდ თქვას უარი  კანონპროექტის მხარდაჭერაზე”, – ნათქვამია განცხადებაში. 

საქართველო ნახევრად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმად ქცევის გზაზეა - ამის შესახებ Freedom House ახალ ანგარიშშია ნათქვამი.

დასკვნაში, რომელსაც გავლენიანი ორგანიზაცია აქვეყნებს, საქართველო სერბეთსა და უნგრეთთან ერთად, ნახევრად კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმების სიაშია შეყვანილი.

 

მსგავსი სიახლეები