პრეზიდენტის დემარშის მიუხედავად, საკონკურსო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები შეარჩია
პარლამენტის თავმჯდომარეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი კალანდარიშვილის, ხოლო ცესკო-ს წევრობის თანამდებობაზე მაია ზარიძის, გიორგი შარაბიძის და გია ცაცაშვილის კანდიდატურები წარედგინა. ამ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.
ამის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტში გამართული ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომაზე მიიღეს.
პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შესარჩევი კონკურსი გამოცხადებული იყო ცესკო-ს თავმჯდომარის და ცესკო-ს წევრობის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე.
ცესკო-ს თავმჯდომარეობის თანამდებობის დასაკავებლად განაცხადი საკონკურსო კომისიას გიორგი კალანდარიშვილმა წარუდგინა, ხოლო ცესკო-ს წევრობის 3 ვაკანტურ თანამდებობაზე განცხადებები კი ლუხუმ ბურჯალიანმა, მაია ზარიძემ, გიორგი შარაბიძემ და გია ცაცაშვილმა წარადგინეს.
კომისიის წევრებმა დღეს გამართულ სხდომაზე, ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად წარმოდგენილ ყველა კანდიდატს მოუსმინა, რომელთაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები წარადგინეს.
9 წევრისგან შემდგარ საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიური სექტორის წარმომადგენლები და ასევე, საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი. მათ შორის, ორი ორგანიზაციის წარმომადგენლის სურვილი იყო, კომისიის მუშაობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვამდე გადადებულიყო, თუმცა კომისიამ ეს თხოვნა, შემჭიდროებული ვადების გამო, ვერ გაიზიარა. ამიტომ კომისიის წევრებმა, ნინო ჩხობაძემ და ზაურ ხალილოვმა კომისიის მუშაობაში მონაწილეობა არ მიიღეს. მათ სოლიდარობა გამოუცხადა ასევე, საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა ლევან შენგელიამაც.
კანონმდებლობის მიხედვით კომისიას აქვს 7 დღე იმისთვის, რომ იმსჯელოს და შესაბამისი კანდიდატები პარლამენტის თავმჯდომარეს წარუდგინოს. 2 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის თხოვნა იყო, რომ კანდიდატების შერჩევა 15 აპრილამდე გადაგვედო თუმცა, კომისიის წევრებმა ვიმსჯელეთ და რადგან ჩვენი უფლებამოსილება, კომპეტენცია და რაც მთავარია, ვადები არის ძალიან შეზღუდული მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კომისიის მუშაობა არ გადაგვედო, რადგან 7 დღიანი ვადა საშუალებას არ გვაძლევს კანდიდატების მოსმენა კიდევ უფრო გადავწიოთ. ყველამ ვიცით, რომ კანონის მიღება არის პროცედურები და არა ერთჯერადი აქტი აქედან გამომდინარე, ეს პროცესი შეიძლება დაუსრულებლად გაიწელოს რა შემთხვევაშიც დაგვერღვეოდა უფლებამოსილება“, - განაცხადა შესარჩევი კომისიის თავმჯდომარემ ზვიად გაბისონიამ.
პრეზიდენტის დემარში და სოლიდარობა მესამე სექტორს - ცესკოს თავმჯდომარის და წევრების კანდიდატებთან გასაუბრებაზე სალომე ზურაბიშვილის წამომადგენლები დემონსტრაციულად არ მივიდა. ამ ფორმით პრეზიდენტმა იმ ორგანიზაციების მხარდაჭერა გამოხატა, რომლებსაც ხელისუფლება უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლებად გამოცხადებას უპირებს. ზურაბიშვილთან ერთად კომისიის სხდომას ბოიკოტი რამდენიმე არასამთავრობომაც გამოუცხადა.