ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის - კალაძე
"გიორგი ქოჩორაშვილს გულწრფელად ვუსურვებ წარმატებებს. ის რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის," - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თქვა და აღნიშნა, რომ "რა და როგორ", ამაზე არ ისაუბრებს.
კალაძე ისევ ოპოზიციისკენ იშვერს ხელს და ამბობს, რომ "პოლიტიკაში ამ ბიჭების გამოყენება უნდათ რადიკალებს, რომ ის სიბინძურე და ჭუჭყი, რაც გააჩნიათ, ფეხბურთელებს შეაწმინდონ."
გარდა ამისა, თბილისის მერი გიგა მაქარაშვილს ემუქრება - "მაქარაშვილმა გუშინ იკადრა, მას ამისთვის პასუხი მოეთხოვება".
რაც შეეხება გიორგის, მე მასზე კომენტარი არ გამიკეთებია. მინდა მას წარმატებები ვუსურვო. ის არის ჩვენი ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა. არასდროს მიმიცია თავისთვის უფლება, რომ საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია მასზე - გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის. რა და როგორ, ამაზე არ ვისაუბრებ და არც თემას გავშლი. გულწრფელად მინდა წარმატებები ვუსურვო მას. ასევე, ევროპის ჩემპიონატზე ბიჭებს უმნიშვნელოვანესი თამაშები ელით. მთელი საქართველო გულშემატკივრობს მათ, ყველა პარტიის წარმომადგენელი. პოლიტიკაში ამ ბიჭების გამოყენება უნდათ რადიკალებს, რომ ის სიბინძურე და ჭუჭყი, რაც გააჩნიათ, ფეხბურთელებს შეაწმინდონ. არავის არაფერი გამოუვა. ეს რადიკალები არიან კოლექტიური მაქარაშვილები. რაც მაქარაშვილმა გუშინ იკადრა, მას ამისთვის პასუხი მოეთხოვება," - ამბობს კალაძე.
რაც შეეხება როინ ქოჩორაშვილს, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის მამას, კალაძე ამტკიცებს, რომ მისი განცხადებით "რადიკალური დაჯგუფებები" გაღიზიანდნენ.
ვიცით, ვინ გაღიზიანდა ამით - რადიკალური დაჯგუფებები. თუმცა, მე სიახლე არაფერი მითქვამს, უბრალოდ ფაქტი აღვნიშნე, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაამოწმოს. ეს ჩემი მოგონილი არ არის. მე უბრალოდ თავს მივეცი უფლება, რომ მესაუბრა როინ ქოჩორაშვილზე იქიდან გამომდინარე, რომ ის არის პოლიტიკოსი და კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წევრი," - თქვა კალაძემ.