სანქცირებულ მოსამართლეთა სია გასაფართოებელია - წიქარიშვილი
სანქცირებულ მოსამართლეთა სია გასაფართოებელია - ამის შესახებ იურისტი კახა წიქარიშვილი აცხადებს.
მისი თქმით, პარტნიორების შეშფოთება გასაგებია, რადგან არსებობს საკმარისზე მეტი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს კლანის მიერ უკანონო ქმედებების ჩადენას და ამ ფაქტებს სჭირდება გამოძიება.
"ქართული ოცნება" ყველანაირად ბლოკავს სასამართლოში კორუფციის ფაქტების გამოძიებას. მათ დაბლოკეს საგამოძიებო კომისია. ისინი ეწინააღმდეგებიან ვეტინგს. ისინი ხელს უშლიან გამოძიებას, ან საერთოდ არ იძიებენ საქმეებს, ამიტომ ჩვენი პარტნიორების შეშფოთება არის გასაგები. არსებობს საკმარისზე მეტი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს კლანის მიერ ამ ქმედებების ჩადენას და ამიტომ ამ ფაქტებს სჭირდება გამოძიება. სანქცირებული მოსამართლეთა სია არის გასაფართოებელი, რადგან კლანში არის უფრო მეტი, ვიდრე ოთხი მოსამართლე. ესენი არიან იგივე ხალხი, რომლებიც ემსახურებოდა წინა ხელისუფლებას და ასრულებდნენ წინა ხელისუფლების დაკვეთებს, ხოლო ახლა ასრულებენ "ქართული ოცნების" დაკვეთებს", - ამბობს კახა წიქარიშვილი.
"ქართულ ოცნებას" სანქცირებული მოსამართლეების შავი სიიდან ამოღებაზე უარს ეუბნებიან - დღეს მამუკა მდინარაძემ დაადასტურა, რომ კლანის შეფებისთვის შტატებს სანქციების მოხსნის მოთხოვნით მიმართეს, თუმცა სხვა პასუხი მიიღეს.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოსამართლეების სანქცირებიდან ერთი წლის თავზე ვაშინგტონი თბილისს ისევ აფრთხილებს.
შტატებიდან "ოცნების" ხელისუფლებას მოუწოდებენ, სანქცირებული მოსამართლეების საქმეები გამოიძიონ და სასამართლო სისტემაში რეფორმები გაატარონ.