ხაზარაძე-ჯაფარიძე- წერეთლის საქმე - პროკურატურის მოწმე ჩვენებას მისცემს
დღეს ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლო განხილვა გაგრძელდება. პროცესი 3 საათზე დაიწყება. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმე დაიკითხება,რომელიც გამომძიებელია. უცნობია, რა შინაარსის ჩვენებას მისცემს პროკურატურის მიერ მიყვანილი მოწმე, თუმცა წინა სხდომაზე პროკურატურის მოწმემ ბრალდების მხარისთვის არასასურველი ჩვენება მისცა და საქმის ფიგურანტების ბრალეულობა ვერ დაინახა. საქმე ეხება ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჩვენებას, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ საქმეში დანაშაული საერთოდ არ იკვეთება და მითუმეტეს, ტრანზაქციებთან შემხებლობა ტვ პირველის დირექტორის მამას არ ჰქონია.
საქმის ადვოკატის თქმით,პროკურატურის მოწმეების ჩვენებები კიდევ უფრო ამყარებს მოსაზრებას, რომ საქმეს მხოლოდ პოლიტიკური მოტივი აქვს.
ეს არის ფორმალური დაკითხვა მათ მიერ ჩატარებულ მოქმედებასთან დაკავშირებით. ალბათ, ეს იქნება პროცესი პროცესისთვის. რომ შევაფასოთ წინა პროცესი და იმის წინა პროცესი - ვერაფერი ვერ გავიგეთ პროკურატურის მიერ მოყვანილი მოწმეებისგან, ბრალდებასთან დაკავშირებით ეს ხალხი არაფერს საუბრობს. გასაკვირია, რომ თავად პროკურატურამ გადაწყვიტა, რომ არ წარადგინოს ეს მტკიცებულებები სასამართლოში, მათ მიერვე მოპოვებული", - ამბობს ადვოკატი კახა წერეთელი.
პროცესის განახლება, "ლელოს" ლიდერის, ბადრი ჯაფარიძისთვის, მხოლოდ იმ ფაქტზე მიუთითებს, რომ ხელისუფლება სასამართლოს ოპონენტების დევნის ბერკეტად იყენებს.
ცხადია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ სამწუხაროდ, ვერ აღმოვფხვრით პოლიტიკურ დევნას. განახლებული სასამართლო პროცესი მიუთითებს იმაზე, რომ გრძელდება კვლავ პოლიტიკურად არასასურველი ოპონენტების მაქსიმალური შევისწროვება, მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი გამოწვევისთვის იმიტომ, რომ ჩვენი ამოცანაა, ხელისუფლება შევცვალოთ არჩევნების გზით. ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.