როგორ ზღუდავს საოკუპაციო რეჟიმი აფხაზეთში NGO-ებს - აქუბარდია სუს-ის ანგარიშს კითხულობს და პარალელს ავლებს რუსულ კანონთან

16.04.24 16:32
როგორ ზღუდავს საოკუპაციო რეჟიმი აფხაზეთში NGO-ებს - აქუბარდია სუს-ის ანგარიშს კითხულობს და პარალელს ავლებს რუსულ კანონთან

"როგორ ხდება, რომ ერთი ერთში ხდება ის, რაც ოკუპირებულ აფხაზეთში და როგორ არის ეს ქართული კანონი და როგორ არ არის ეს რუსული კანონი?" - ამ კითხვას დეპუტატი თეონა აქუბარდია სვამს.

აქუბარდია რუსული კანონის მავნებლობაზე საუბრობს და "დრის ამბებთან" კითხულობს სუს-ის 2023 წლის ანგარიშსს, სადაც საუბარია, როგორ ავიწროებენ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს ოკუპირებულ აფხაზეთში და პარალელს ავლებს რუსულ კანონთან, რომლის მიღებასაც "ოცნება" ცდილობს.

ხელში მიჭირავს სუს-ის 2023 წლის ანგარიში, რომელიც დღეს შემოვიდა პარლამენტში და მეცხრე გვერდზე მინდა წაგიკითხოთ პატარა ჩანაწერი, რომელიც ერთი ერთში ასახავს იმ მდგომარეობას, რომელიც არის ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მხრიდან და ოფიციალურ თბილისში, რომელიც თითქოს თავისუფალი რუსული გავლენებისგან:

„2023 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზიაციების და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ მიდგომები საკმაოდ გამკაცრდა.
საოკუპაციო რეჟიმი მათ მადისკრედიტირებელ განცხადებებს ავრცელებდა, ცენტრალური ხელისუფლების მიზნებისა და ამოცანების შესრულებაში ადანაშაულებდა და საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროცესებში ჩარევაში სდებდა ბრალს“, - ამბობს აქუბარდია. 

თეონა აქუბარდიას შეფასებით, ის, რასაც რუსეთი აკეთებს ოკუპირებულ აფხაზეთში და ზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას, იგივე ხდება "ოცნების" მხრიდან რუსული კანონის ინიცირებით.

ეს არის სუს-ის ანგარიშში, აქ წერია ყველა ის ფაქტი, როგორ არის გაუარესებული ჩვენი უსაფრთხოება რუსეთის მხრიდან და წერია, როგორ ავიწროებს საოკუპაციო რეჟიმი საერთაშორისო ორგანიზაციებს, ისევე როგორც არასამთავრობოებს და როგორ ახდენს დისკრედიტაციას და აბრალებს, რომ ისინი ოფიციალური თბილისის პოზიციის მხარდაჭერაში არიან მხილებულები. 
აქ ერთი განსხვავებაა ის, რომ ქართული ოცნება და მდინარაძე, მთავარი მომხსენებელი ამ კანონზე, ამბობს, რომ დასავლეთია მტერი, ასე ღიად არ ამბობს, მაგრამ დასავლური გავლენების წინააღმდეგ ილაშქრებს. კითხვა უნდა დავსვათ, როგორ ხდება, რომ ერთი ერთში ხდება ის, რაც ოკუპირებულ აფხაზეთში და როგორ არის ეს ქართული კანონი და როგორ არ არის ეს რუსული კანონი,“ - ამბობს თეონა აქუბარდია.

 

მსგავსი სიახლეები