ჩვენი მხრიდან დაყენებული ყველა საკითხი სამართლიანია - მდინარაძე

15.03.21 17:35
ჩვენი მხრიდან დაყენებული ყველა საკითხი სამართლიანია - მდინარაძე

"ქართულ ოცნებაში“ მოლაპარაკების პროცესზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებენ. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია მოლაპარაკებების დეტალებს არ ასაჯაროებს, მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ხელისუფლების ოპონენტებს შიდა საუბრები სააშკარაოზე გამოაქვთ, რაც დიალოგის პროცესს აფერხებს.

ჩვენი მხრიდან დაყენებული ყველა საკითხი არის სამართლიანი, გამომდინარეობს სწორედ ამ სამართლიანობის პრინციპიდან და ჩვენ გვაქვს ჩვენი კონკრეტული პოზიცია, თუმცა ამ პოზიციის სხვა დეტალების შესახებ ვერ ვსაუბრობთ. ამას არ ერიდებიან ჩვენი ოპონენტები, რომლებიც დეტალებზეც საუბრობენ და ამ დეტალების ინტერპრეტირებულ, არასწორ, თუ განზრახ, ცრუ ასევე ინტერპრეტაციებს. ძალიან მალე, როდესაც, იმედია, დამთავრდება ეს მოლაპარაკებები, უკვე ამ დეტალებზე ვისაუბრებთ, - აცხადებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე.

მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვოლსკის განმარტებით, მოლაპარაკებების პროცესის დროებით შეწყვეტას, ან გადადებასაც ითვალისწინებს. ვოლსკის თქმით, „ოცნების“ წინადადებები ჭკუასთან უფრო ახლოსაა და მოსახლეობის ინტერესებზეა ორიენტირებული.

კონსულტაციები, მოლაპარაკებები ითვალისწინებს, ასე ვთქვათ, დროებით შეწყვეტას, ან გადადებას, ან გაგრძელებას, ან ერთ ჯგუფთან მეტ საუბარს. ერთს ვიტყვი, რომ ჩვენი წინადადებები, როგორც ჩემმა კოლეგებმა თქვეს, არის სამართლიანი, არის ჭკუასთან  ახლოს და არის იმ ინტერესებზე ორიენტირებული, რაც გააჩნია არა მარტო ჩვენს მოსახლეობას, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობას. ასე რომ, მეტი კონსულტაციები, რასაკვრიველია, ოპოზიციასტან არის საჭირო, რათა როგორმე გადავაბიჯოთ აი, ამ ულტიმატუმის ენას, - ამბობს ვოლსკი.