ონლაინ მედიის წარმომადგენლები, რომლებსაც პარლამენტში არ უშვებენ სახალხო დამცველს მიმართავენ
ონლაინ მედიის წარმომადგენლები, რომლებსაც შალვა პაპუაშვილი პარლამენტში უკვე მეორე დღეა, არ უშვებს, სახალხო დამცველს მიმართავენ.
ჟურნალისტებმა ომბუდსმენის აპარატში განცხადება უკვე დატოვეს.
"შეისწავლეთ დისკრიმინაციის ფაქტი" - ეუბნებიან ჟურნალისტები სახალხო დამცველს.
მეორე დღეა, იზღუდება ჩვენი, ჟურნალისტური უფლება, არ გვეძლევა პარლამენტში მუშაბის უფლება ისეთი მნიშვნელოვანი კანონპროექტის განხილვის დროს, რომელიც გვეხება უშუალოდ ჩვენც. მხედველობაში მაქვს, რუსული კანონი, რომლითაც უნდათ ამ ქვეყანაში ავტოკრატია დაამყარონ და უნდათ მივიღოთ რუსეთი"- აცხადებს "ნეტგაზეთის" წარმომადგენელი, ნესტან ცეცხლაძე.
ონლაინ გამოცემის ჟურნალისტები მოითხოვენ, პარლამენტის თავმჯდომარის აღნიშნული ბრძანება დისკრიმინაციულად დადგინდეს.
„შალვა პაპუაშვილის უკანონო ბრძანებით, ორი დღის განმავლობაში არ გვიშვებენ საკანონმდებლო ორგანოს შენობაში აბსოლუტურად უსაფუძვლოდ და უკანონოდ. ბატონი პაპუაშვილის ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად დისკრიმინაციული, ის გვდევნის ონლაინ მედიას იმის გამო, რომ "ქართული ოცნების" რუსული ნარატივისგან განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს "რუსულ კანონთან" მიმართებით.
მოვითხოვთ დისკრიმინაციის დადგენას უმოკლეს ვადებში, რათა მუშაობის განახლების შესაძლებლობა მოგვეცეს",-განაცხადა ჟურნალისტმა, გელა მთივლიშვილმა.