რუსული კანონის ხელახლა დაინიცირება ოკუპანტი ქვეყნის სტრატეგია და პროვოკაციაა - პრეზიდენტი
რუსთაველის გამზირზე მასშტაბური პროტესტის პარალელურად, სალომე ზურაბიშვილი ქართველი ხალხის გზავნილების დასავლელი პარტნიორებისთვის მიტანას ცდილობდა.
პრეზიდენტმა ინტერვიუ ამერიკულ გავლენიან მედიას მისცა, სადაც გამოთქვა ეჭვები, რომ რუსული კანონის დაბრუნების გადაწყვეტილება სწორედ ოკუპანტ ქვეყანაში გადაწყდა, რადგან მისი თქმით, რუსეთი არის ის სახელმწიფო, რომელსაც სურს, რომ საქართველო ევროკავშირს დააშოროს.
სალომე ზურაბიშვილი "CNN"-თან მიცემულ ინტერვიუში ცხადად ამბობს, რომ რუსული კანონის ხელახლა დაინიცირება პირდაპირი პროვოკაციაა, როგორც ქართველი ხალხის, ასევე დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ.
ვიცით, რა არის სასწორზე. ჩვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ვართ იმ გზაზე, რომ ევროკავშირმა დეკემბერში გახსნას საქართველოსთან მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე. ამ ეტაპზე ერთადერთი ქვეყნისთვის, რუსეთისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველო არ გააგრძელოს სწრაფი სვლა ევროკავშირში ინტეგრაციისკენ.
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ისმოდეს ჩვენი ხმა და ეს ხმა უნდა გაიგონ საქართველოს საზღვრებს გარეთაც. უკვე მესამე ღამეა ქართველები აპროტესტებენ კანონს, ძალიან ბევრი ახალგაზრდაა ქუჩაში და ამბობენ, რა უნდათ ამ ქვეყნისთვის. მე ვარ, მათი ხმა. ჩემი ვეტო არის ხმა და ჩვენ ხმას გაიგებენ შემდეგ არჩევნებზეც 26 ოქტომბერს, როცა საქართველო გადაწყვეტს თავის ბედს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვყავს მედია, რომელიც თავის საქმეს აკეთებს. სწორედ ეს არის სასწორზე, როცა საქართველოს მოქალაქეები არჩევნებზე იტყვიან, რომ მათ უნდათ ევროპული მომავალი მათთვის და მათი შვილებისთვის.
ეს არის რუსეთის სტრატეგია. ეს არის პროვოკაცია ქართველი ხალხის მიმართ და პროვოკაცია ჩვენი პარტნიორების მიმართ", - ამბობს პრეზიდენტი.