"საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას" - ევროპარლამენტარები რუსულ კანონზე
ევროპარლამენტის წამყვანი დეპუტატები საქართველოს ხელისუფლებას რუსული კანონის შემობრუნების გამო აკრიტიკეტებენ. ერთობლივ საგანგებო განცხადებას დევიდ მაკალისტერის, სვენ მიქსერისა და მარინა კალიურანდი ავრცელებენ.
ევროპარლამენტარები პირდაპირ წერენ, ომ კანონის უკან შემობრუნება დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმას გულისხმობს და შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან.
ევროპარლამენტარები ასევე შეშფოთებას გამოხატავენ დემონსტრანტების მიმართ სპეცრაზმის ძალადობრივი მოქმედებების გამო. ისინი ხაზს უსვამენ, რომ მშვიდობიანი პროტესტი მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც დაცული უნდა იყოს.
საგანგებოდ გავრცელებულ განცხადებაში სტრატეგიული პარტნიორები კიდევ ერთხელ ახსენებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დათქმები ჯერ კიდევ შესასრულებელია.
ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულები საქართველოში მმართველი პარტიის მიერ „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირებით. ეს კანონი, რომელიც გუშინ პირველი მოსმენით იქნა მიღებული, არის თავდასხმა დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე. ეს შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან. ის ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, არ უღალატონ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს და ჩაერთონ ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთობლივ მუშაობაში, რათა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი სამუშაო გარემოს იყოს უზრუნველყოფილი.
ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ სპეცრაზმის მიერ საკამათო კანონპროექტის წინააღმდეგ გამოსული დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებით. მშვიდობიანი საპროტესტო აქციების უფლება ფუნდამენტური უფლებაა და მკაცრად უნდა იქნას დაცული, განსაკუთრებით ევროკავშირის წევრობის მსურველ ქვეყანაში. მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალის განურჩეველი გამოყენება არ შეიძლება იყოს გამართლებული. მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას, უზრუნველყოს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა და თავიდან აიცილოს ძალადობის ესკალაცია.
ჩვენ კვლავაც ურყევად ვუჭერთ მხარს ქართველი ხალხის ლეგიტიმურ ევროპულ მისწრაფებებს და შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული შესაბამისი ნაბიჯები ჯერ კიდევ განსახორციელებელია, - ნათქვამია ევროპარლამენტარების, დევიდ მაკალისტერის, სვენ მიქსერისა და მარინა კალიურანდის ერთობლივ განცხადებაში.