ანტიევროპულს არაფერს არ ვაკეთებთ - დავითულიანი
"ქართულ ოცნებას" ისრები საერთაშორისო პარტნიორებზე გადააქვს - ივანიშვილის გუნდი ამტკიცებს, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, რასაც დასავლეთის მხრიდან კრიტიკა მოჰყვება, საქართველოს ევროპას არათუ აშორებს, არამედ აახლოებს.
უმრავლესობის წარმომადგენელი, ბექა დავითულიანი განმარტავს, რომ ევროპელი ლიდერების კრიტიკა უსაფუძვლოა, რადგან მისი თქმით, სტრატეგიულმა პარტნიორებმა ვერცერთი არგუმენტი წარმოადგინა, რომელიც კანონპროექტის არაევროპულობას დაამტკიცებდა.
"ვერც ერთმა ადამიანმა ვერ დაასახელა, თუ რატომ არ არის ინიციატივა ევროპასთან თავსებადი" - ამბობს დავითულიანი და იქვე ამატებს, რომ რუსული კანონის მიღებით საქართველოს კონსტიტუცია არ ირღვევა.
კონსტიტუციის ჩანაწერს არ ვარღვევთ, რადგან ანტიევროპულს არაფერს არ ვაკეთებთ. ვერც ერთმა იმ ადამიანმა, ვინც აკრიტიკებს ამ კანონს, ვერ დაასახელა, რა არის აქ ისეთი, რაც არ არის თავსებადი ევროპასთან. ყოველთვის, როდესაც ტაქტიკურად გადავდგით ნაბიჯი, რომელზეც შეიძლება, ჩვენი ზოგიერთი მეგობრის მხრიდან მოდიოდა კრიტიკა, აღმოჩნდა, რომ ამით ჩვენმა ქვეყანამ მოიგო და კი არ დაშორდა, არამედ დაუახლოვდა ევროპას", - ამბობს დავითულიანი.