ელისაშვილის წინააღმდეგ სასტიკ ანგარიშსწორებას სირაძე ხელმძღვანელობდა, ჩუბინიძე ზედამხედველობას უწევდა - ექსკლუზიური კადრები
სასტიკ ანგარიშსწორებას ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ვაჟა სირაძე ხელმძღვანელობდა, ანზორ ჩუბინიძე კი ზედამხედველობას უწევდა. ტვ პირველის მიერ გადაღებულ კადრებში ორივე მაღალჩინოსანი ადვილი გასაშიფრია. ის, რასაც ჰყვებოდა პარლამენტის დეპუტატი ჩვენს მიერ გადაღებული ვიდეო მასალით დასტურდება.
"ძირს ვეგდე და ვისაც არ ეზარებოდა მირტყამდა" - ამბობს ელისაშვილი, რომელსაც პოლიციელებმა ნეკნი ჩაუმტვრიეს და სახის არეში მძიმე დაზიანებები მიაყენეს.
დეპუტატი იხსენებს, რომ პირადად სირაძემ გასცა მისი ცემის ბრძანება, რის შემდეგაც ის კანცელარიის წინ მიწაზე დააგდეს და რამდენიმე პოლიციელი წიხლებს გამეტებით ურტყამდა. ახლა უკვე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა დაადგინოს ამ საქმეში პოლიციელების უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტი. გამოძიება დაწყებულია, მტკიცებულებები ჩვენს მიერ გადაღებული კადრებია, ელისაშვილი კი ჩვენების მისაცემად კოკა კაციტაძის უწყებაში ხვალ მივა.