ჩემს მეგობარს სცემდნენ და კობახიძეს რეაგირება ჰქონდა ნული, გაგვიღიმა, მანქანაში ჩაჯდა და წავიდა - სტუდენტი
ფიზიკური ანგარიშსწორება პრემიერის თვალწინ - თსუ-ს სტუდენტები ამბობენ, რომ როდესაც მათ მეგობარს, ნიკო მანაგაძე 10-15 ადამიანი თავს დაესხა, ამას ლექციიდან დაცვის თანხლებით გამოსული ირაკლი კობახიძე საკუთარი თვალით უყურებდა, თუმცა ნული რეაგირება ჰქონდა, მანქანაში ჩაჯდა და წავიდა.
რეაგირება საერთოდ ნული ჰქონდა ადამიანს, ხელი დაგვიქნია, გაგვიღიმა, როდესაც ჩემს მეგობარს სცემდნენ, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. ამის მერე, ასე უსირცხვილოდ რომ იქცევი პრემიერი, ამ საქციელს რა უნდა უწოდო, ნაძირლობის გარდა, არ ვიცი. თსუ-ს ადმინისტრაცია არასდროს არ აკეთებს რეაგირებას, თუ თვითონ არ აწყობს. იქიდან გამომდინარე, რომ პრემიერია უნივერსიტეტის ლექტორი, თუ იმის სასარგებლოდ არ იქნებოდა სიტუაცია, ისე არაფერს არ გააკეთებდნენ, ასე იყო ახლაც, რეაგირება საერთოდ ნული ჰქონდათ", - ამბობს სტუდენტი.
ჯგუფური ძალადობა და რუსული მეთოდებით ანგარიშსწორება სტუდენტების წინააღმდეგ - რუსული კანონის მოწინააღმდეგე მომიტინგეს, ნიკო მანაგაძეს უნივერსიტეტთან ფიზიკურად, სავარაუდოდ, "ოცნების" ახალგაზრდა პარტაქტივი გაუსწორდა.
კადრებში კარგად ჩანს, რომ ახალგაზრდა აქტივისტს, ჯერ პრემიერ-მინისტრის დაცვამ კრა ხელი, შემდეგ კი მასზე ათამდე ახალგაზრდამ ფიზიკურად იძალადა - სახეში მუშტები ურტყეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. რუსული კანონის მომხრე კობახიძემ ძალადობის ფაქტი საკუთარი თვალით დაინახა, თუმც არაფერი შეიმჩნია, აგრესიულად განწყობილ ჯგუფს ხელი დაუქნია და უნივერსიტეტიდან წავიდა.
ცნობისთვის, დღეს დილით ასევე ირაკლი კობახიძის სტუდენტი ლექციაზე არ შეუშვეს. ახალგაზრდას, რომელიც უნივერსიტეტში საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მივიდა, სალექციო აუდიტორის კარიი ჩაუკეტეს. რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტს დღეს პრემიერმა ლექტორმა დაცვის თანხლებით ჩაუარა გვერდით, თუმცა მისთვის ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს. ეს ხდება მას შემდეგ, რაც ახალგაზრდების პროტესტი სულ უფრო დიდ მასშტაბებზე გადის.