სტუდენტს ჯერ კობახიძის დაცვამ ხელი კრა, შემდეგ კი ახალგაზრდები გაუსწორდნენ - რა მოხდა უნივერსიტეტთან (ვიდეო)
ჯგუფური ძალადობა და რუსული მეთოდებით ანგარიშსწორება სტუდენტების წინააღმდეგ - რუსული კანონის მოწინააღმდეგე მომიტინგეს, ნიკო მანაგაძეს უნივერსიტეტთან ფიზიკურად, სავარაუდოდ, "ოცნების" ახალგაზრდა პარტაქტივი გაუსწორდა.
კადრებში კარგად ჩანს, რომ ახალგაზრდა აქტივისტს, ჯერ პრემიერ-მინისტრის დაცვამ კრა ხელი, შემდეგ კი მასზე ათამდე ახალგაზრდამ ფიზიკურად იძალადა - სახეში მუშტები ურტყეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. რუსული კანონის მომხრე კობახიძემ ძალადობის ფაქტი საკუთარი თვალით დაინახა, თუმც არაფერი შეიმჩნია, აგრესიულად განწყობილ ჯგუფს ხელი დაუქნია და უნივერსიტეტიდან წავიდა.
ნიკო მანაგაძე "პირველებთან" ამბობს, რომ ყოველ მის ლექციაზე ირაკლი კობახიძეს "ტიტუშკების" რაზმი ჰყავს მობილიზებული და ყოველი სტუდენტის პროტესტი პრემიერის მისამართით მსგავსი ძალადობით სრულდება.
"ეს არის ხალხი, რომელიც მუდმივად მობილიზებული ჰყავს კობახიძეს თავისი ლექციის პარალელურად, რომლებიც თავს ასაღებენ, როგორც თსუ-ს სტუდენტები, თუმცა, როცა კობახიძის მისამართით პროტესტს გამოთვქმენ სტუდენტები, ფიზიკურად უსწორდებიან. ეს არ არის პირველი პრეცედენტი და საზოგადოებას უნახავს მსგავსი ფაქტები, უშუალოდ უნივერსიტეტის კედლებშიც. ეს არის დაქირავებული ტიტუშკების 10-15 კაციანი ჯგუფი, რომელიც იცავს კობახიძეს, იცავს კი არა ფიზიკურად თავს ესხმის ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც კობახიძს მიმართ გამოხატავს კრიტიკულ პოზიციას. კობახიძეს ჩემს თავდასხმაზე ჰქონდა ნულოვანი რეაქცია, რადგან ეს ხალხი ხომ სპეციალურად მისი დავალებით არის მობილიზებული", - ამბობს სტუდენტი ნიკო მანაგაძე.
თსუ-ს ადმინისტრაციას ადგილზე პოლიცია არ გამოუძახებია.
ცნობისთვის, დღეს დილით ასევე ირაკლი კობახიძის სტუდენტი ლექციაზე არ შეუშვეს. ახალგაზრდას, რომელიც უნივერსიტეტში საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მივიდა, სალექციო აუდიტორის კარიი ჩაუკეტეს. რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტს დღეს პრემიერმა ლექტორმა დაცვის თანხლებით ჩაუარა გვერდით, თუმცა მისთვის ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს. ეს ხდება მას შემდეგ, რაც ახალგაზრდების პროტესტი სულ უფრო დიდ მასშტაბებზე გადის.