"პოლიტიკური დევნის და ანგარიშსწორების გაგრძელება" - კუპრაძე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე
პოლიტიკური დევნის და პოლიტიკური ანგარიშსწორების გაგრძელება, - ასე აფასებს "ლელოს" გენერალური მდივანი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც მას 2500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
ოპოზიციის წევრი გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს და ამბობს, რომ ბრალდების მხარემ ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარადგინა, ხოლო მოწმე პოლიციელებმა ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცეს.
ირაკლი კუპრაძე პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყანაში რუსული ხელისუფლება და სასამართლოს კლანური მმართელობა უნდა დასრულდეს.
ეს არის პოლიტიკური დევნის და პოლიტიკური ანგარიშსწორების გაგრძელება კლანური სასამართლოს მხრიდან. ცხადია, იმ პირობებში, როცა 3 პოლიციელი მოწმისგან ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებს აძლევს, პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დგებოდეს დღის წესრიგში და შსს, რომელიც ვერ წარმოადგენს ვერცერთ მტკიცებულებას, მათ შორის, ასეულობით და ათასეულობით პოლიციელის მხრიდან ერთი სამხრე კამერის ჩანაწერიც კი არ არსებობს და მხოლოდ პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებების საფუძველზე ხდება გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამოტანა, ეს არის პოლიტიკური დევნა. ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს რუსული მთავრობა, კლანური სასამართლო და ყველა ის უბედურება, რაც ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ მოუტანა ჩვენს სახელმწიფოს, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ირაკლი კუპრაძე დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს და გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
სასამართლო პროცესს "აბსურდს" უწოდებენ ადვოკატებიც. მათი თქმით, ბრალდების მხარემ ვერცერთი სამხრე კამერის ჩანაწერი ვერ წარმოადგინა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კუპრაძეს 2500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა . გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.