მძიმე რეზოლუციის კენჭისყრა ევროპარლამენტში - თბილისში "ოცნების" პასუხისმგებლობაზე საუბრობენ

25.04.24 11:55
მძიმე რეზოლუციის კენჭისყრა ევროპარლამენტში - თბილისში "ოცნების" პასუხისმგებლობაზე საუბრობენ

სანქციები ივანიშვილს, თავისუფლება სააკაშვილს და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის საკითხის გადახედვა - ეს არის ცვლილებები, რომელიც ევროპარლამენტარებმა,  საქართველოს შესახებ მომზადებულ რეზოლუციაში შეიტანეს.

თბილისის დროით ზუსტად ორ საათზე, ევროპარლამენტში კენჭი უნდა უყარონ დოკუმენტს, რომელიც შესაძლოა, საქართველოსთვის მძიმე დარტყმა აღმოჩნდეს. ექვსი პოლიტიკური ჯგუფის მიერ შეჯერებულ დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება, რუსულ კანონს აამოქმედებს, საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს. 

 ევროპის პოლიტიკურ დედაქლაქში მიმდინარე მსჯელობას შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში. "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, დავით უსუფაშვილი "პირველებთან" ამბობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ევროპულ გზას აშორებს ქვეყანას: 

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის უმძიმესი. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება კიდევ დიდი ხნით გვაშორებს ევროპისკენ მიმავალ იმ ნიშნულს, რომლის შემდეგაც ეს ქვეყანა იქნება კეთილდღეობის, თავისუფლების, უსაფრთხოების სისტემაში საბოლოოდ და სამუდამოდ გაერთიანებული", - ამბობს უსუფაშვილი.

 ეკა ბესელია ოლიგაქრის გუნდს პასუხისმგებლობის გაზიარებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ქვეყანას უდიდეს ზიანს აყენებს. 

პოლტიკოსის შეფასებით, ჩალის ფასი აქვს იმ ადამიანს, ვისაც არ ესმის ამ დასავლეთის კრიტიკის მნიშვნელობა: 

უნდა გაიაზროს, როდესაც დეპუტატი ხარ, რას ნიშნავს, ევროპარლამენტის მხრიდან რეზოლუციაში ჩანაწერი, რომ არ გაიხსნება მოლაპარაკება საქართველოსთან, თუ რუსულ კანონს მიიღებს საქართველოს პარლამენტი. უნდა გაიაზრონ ეს პასუხისმგებლობა. ეს არ არის მხოლოდ მათი პირადი საქმე, ეს არის ქვეყნის წინაშე უდიდესი ზიანის მიყენება. როდესაც საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ მე ევროპარლამენტს მივმართე, რომ მე ევროკავშირში მინდა გაწევრიანება და ევროპარლამენტის მხარდაჭერა მჭირდება და შემდეგ ამბობ, რომ ამ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს, საერთოდ ჩალის ფასი აქვს იმ ადამიანს, ვისაც არ ესმის ამ სიტყვების მნიშვნელობა", - ამბობს ბესელია.

 ექსპერტი ბათუ ქუთელია პირდაპირ ამბობს, რომ ექვსი პოლიტიკური ჯგუფის მიერ შეჯერებულ დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება, რუსულ კანონს აამოქმედებს, საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს.

ეს ჩანაწერი, თუკი მისი მატერიალიზება მოხდება "ქართული ოცნების" მიერ გადადგმული რუსული ნაბიჯებით, რეალურად ნიშნავს, რომ მთელი ქვეყანა დასანქცირდება, რადგან მოლაპარაკების არდაწყება საქართველოსთან, ნიშნავს მთელი ქვეყნის დასანქცირებას. რეალურად, "ქართული ოცნება" ჩვენს ეროვნულ ინტერესებს მძევლად ამყოფებს თავისი ძალაუფლების და რუსული გავლენების სანაცვლოდ. ასეთი მძიმე არის ეს ჩანაწერი და ის შედეგები, რაც შეიძლება მას მოჰყვეს", - ამბობს ბათუ ქუთელია.

მსგავსი სიახლეები