"ნუ ვიტყვით, რომ ყველა ახალგაზრდის უკან ვიღაც დგას" - "ოცნებამ" რიტორიკა შეცვალა
ევროპარლამენტის მძიმე რეზოლუციის შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" რიტორიკა შეცვალა. გია ვოლსკი აღიარებს, რომ ქუჩაში რუსული კანონის წინააღმდეგ გამოსული ახალგაზრდების უკან პოლიტიკური პარტიები არ დგანან და ბევრი მათგანი პროტესტს სწორედ საკუთარი ინიციატივით გამოხატავს.
ამასთან, ივანიშვილის გუნდის წევრი ისევ ამტკიცებს, რომ რუსული კანონი საფრთხეს არ შეიცავს და ახალგაზრდები შეცდომაში არიან შეყვანილები.
ნუ ვიტყვით, რომ ყველა ახალგაზრდის უკან ვიღაც დგას და ვიღაცა მართავს. ძალიან ბევრია დიდი რაოდენობა ახალგაზრდებისა, და მე ვიცნობ ძალიან ბევრს, რომლებსაც არასწორი ინფორმაცია აქვს. აქ ბევრი ადამიანი ისეთი, ვისაც შიშები აქვს, ვთქვათ, იმის, რომ არ განვითარდეს პროცესი ისე, რომ დემოკრატიული მმართველობის სისტემას მიადგეს ზარალი. ზოგი ფიქრობს, რომ შეიძლება ეს კანონპროექტი შემდგომ გადაიქცეს იმ მექანიზმად, რომლითაც შეიძლება შეიზღუდოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობა. რასაკვირველია, არცერთი ეს ხედვა რეალობას და სინამდვილეს არ შეესაბამება, - ამბობს ვოლსკი.
ევროპის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლა საფრთხის ქვეშ დგება - ქართული ოცნების მმართველობა შესაძლოა ქვეყნისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს. ევროპალამენტმა გუშინ დაამტკიცა რეზოლუცია, რითაც ევროკომისიას მოუწოდებს გადახედოს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას. მისი შეჩერების მექანიზმი ევროკავშირს გააჩნია. ამიტომ, თუ ქართული ოცნება რუსულ კანონს უკან არ გაიწვევს, მაშინ ჩვენი მოქალაქე ევროპის ქვეყნებში უვიზოდ შესაძლოა ვეღარ წავიდნენ.