"სიცრუეა!" - ანტიკორუფციული ბიურო TI-ის აკრიტიკებს და GRECO-ს ანგარიშზე ამტკიცებს, რომ სათარგმნია

26.04.24 16:28
"სიცრუეა!" - ანტიკორუფციული ბიურო TI-ის აკრიტიკებს და GRECO-ს ანგარიშზე ამტკიცებს, რომ სათარგმნია

პრემიერის შემდეგ "საერთაშორისო გამწვირვალობა - საქართველოს" თავს ესხმის ანტიკორუფციული ბიურო. პრემიერს დაქვემდებარებული უწყება GRECO-ს ანგარიშის გასაიდუმლოებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.

კობახიძის მსგავსად რაჟდენ კუპრაშვილის უწყებაც ვრცელ განცხადებაში განმარტავს, რატომ არ გასაჯაროვდა ანგარიში ამ დრომდე - მიზეზად ანტიკორუფციული ბიუროც თარგმანს ასახელებს.

ირკვევა, რომ GRECO-ს შემაჯამებელი ანგარიში 2024 წლის 22 მარტს გადაეცა საქართველოს და რაჟდენ კუპრაშვილის უწყებამ მას შემდეგ დაიწყო დოკუმენტის თარგმნა - "ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენელმა სხდომის მიმდინარეობისას ასევე დაადასტურა ქვეყნის მზაობა, გონივრულ ვადაში თარგმნოს და გამოაქვეყნოს მიღებული ანგარიშები".

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს 2024 წლის 26 აპრილის განცხადება, „საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს“, არის სიცრუე!

საქართველო, GRECO-ს მიერ შემუშავებული პროცედურებისა და გადაწყვეტილებების შესაბამისად, უზრუნველყოფს 96-ე პლენარულ სესიაზე დამტკიცებული საქართველოს მე-5 რაუნდის შეფასების ანგარიშისა და მე-4 რაუნდის მეორე შესაბამისობის ანგარიშზე მეორე დამატების საჯაროობას!

2024 წლის 22 მარტს 96-ე პლენარულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, რაც საჯაროდ ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული მხარისთვის, საქართველომ იკისრა ვალდებულება თარგმნოს ანგარიშები მშობლიურ ენაზე და უზრუნველყოს მათი საჯაროობა.

ანტიკორუფციულმა ბიურომ, შესაბამისი წესების დაცვით, დაუყონებლივ დაიწყო დამტკიცებული ანგარიშების თარგმნა და პროცესის დასრულებისთანავე ანგარიშები გამოქვეყნდება როგორც ბიუროს, ისე GRECO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე.

2024 წლის 18-22 მარტს, ქ. სტრასბურგში გაიმართა კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) 96-ე პლენარული სესია, რომლის ფარგლებშიც დამტკიცდა საქართველოს მე-5 რაუნდის შეფასების ანგარიში და მე-4 რაუნდის მეორე შესაბამისობის ანგარიშზე მეორე დამატება.

პლენარული სესიების ფარგლებში საქართველოს შეფასების ანგარიშებთან ერთად დამტკიცდა:

1. იტალიისა და სომხეთის მე-5 რაუნდის შეფასების ანგარიშები;

2. საბერძნეთის, ლიეტუვის, საფრანგეთის, ბელგიისა და ხორვატიის მე-5 რაუნდის პირველი ან მეორე შესაბამისობის ანგარიშები;

3. საქართველოს, იტალიის, ბელგიის და გერმანიის დამატება ან მეორე დამატება მე-4 რაუნდის მეორე შესაბამისობის ანგარიშზე;

4. ყაზახეთის შეფასების პირველი და მეორე რაუნდის შესაბამისობის გაერთიანებული ანგარიში;

5. შვეიცარიის შეფასების მესამე რაუნდის მეორე დამატება მეორე შესაბამისობის ანგარიშზე.

GRECO-ს შემფასებელი ჯგუფებისთვის დამტკიცებული სახელმძღვანელოს თანახმად, შეფასების პროცესის ყველა ეტაპი არის კონფიდენციალური, ვიდრე ქვეყანა არ უზრუნველყოფს მშობლიურ ენაზე ნათარგმნი დოკუმენტის საჯაროობას.

2024 წლის 22 მარტს 96-ე პლენარულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად, რაც საჯაროდ ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული მხარისთვის, საქართველომ იკისრა ვალდებულება თარგმნოს ანგარიშები მშობლიურ ენაზე და უზრუნველყოს მათი საჯაროობა.

ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენელმა სხდომის მიმდინარეობისას ასევე დაადასტურა ქვეყნის მზაობა, გონივრულ ვადაში თარგმნოს და გამოაქვეყნოს მიღებული ანგარიშები, რაც ასახულია GRECO-ს 2024 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებაში.

უნდა აღინიშნოს, რომ ანგარიშების თარგმნა, მისი მოცულობის გათვალისწინებით, საჭიროებს გონივრულ ვადას, რის გამოც ზემოაღნიშნული ანგარიშების უმეტესობა კვლავ არ არის გამოქვეყნებული და რჩება კონფიდენციალური. 96-ე პლენარული სესიაზე დამტკიცებული 14 ანგარიშიდან ნათარგმნი და გამოქვეყნებულია მხოლოდ 3 ანგარიში. ანგარიშები არ გამოუქვეყნებიათ ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის გერმანია, ბელგია, იტალია, ხორვატია, შვეიცარია, საბერძნეთი, ლიეტუვა, ყაზახეთი. შესაბამისად, თარგმნის დასრულებამდე და გამოქვეყნებამდე, თითოეული ამ ანგარიშის სტატუსი რჩება „კონფიდენციალური“ GRECO-ს რეგლამენტის შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ, შესაბამისი წესების დაცვით, დაუყონებლივ დაიწყო დამტკიცებული ანგარიშების თარგმნა და პროცესის დასრულებისთანავე ანგარიშები გამოქვეყნდება როგორც ბიუროს, ისე GRECO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე," - წერია განცხადებაში.

საქართველო უარს აცხადებს ევროპის საბჭოს „კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის“ (GRECO) მიერ მომზადებული ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშის გასაჯაროებაზე.  

GRECO-ს ვებსაიტზე მითითებულია, რომ შეფასების ანგარიში საჯაროედება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლება დათანხმდება, რომ კონფიდენციალობა მოიხსნას.

საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს რომ მალავს, ამაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საუბრობდა. როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოსს მთავრობას ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია მონაცემები, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის მიერ ჩვენი ქვეყნის შესახებ არის მომზადებულია. არადა ეს დოკუმენტი უკვე დამტკიცებულია.

"ტყუილი გაავრცელა საერთაშორისო გამჭვირვალობამ, რომელსაც უნდა ერქვას ნაციონალური ბუნდოვანება" - ამ განცხადებით პრემიერი ირაკლი კობახიძე თავს ესხმის "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" და GRECO-ს ანგარიშთან დაკავშირებით გამოთქმულ პრეტენზიებს პასუხობს.

 

მსგავსი სიახლეები