"ეს არის შიში" - დეკანოიძე პარლამენტის შემოღობვაზე

27.04.24 15:39
"ეს არის შიში" - დეკანოიძე პარლამენტის შემოღობვაზე

"ეს არის შიში" - ასე ეხმაურება "ევროოპტიმისტების" ლიდერი, ხატია დეკანოიძე პარლამენტის რკინის კონსტრუქციებით შემოღობვას.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან ჯებირების აღმართვით "ქართული ოცნება" რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების ხელის შეშლას ცდილობს.

ეს არის შიში, რადგან როდესაც მოვედი პარლამენტში კოლეგებთან შესახვედრად, ეს კონსტრუქციები აქ არ იყო და ერთ საათში შემოუღობიათ. ეს არის შიში. ძალიან კარგად იციან, რომ აქ ყოველ საღამოს ტარდება აქციები. ძალიან კარგად იციან, თუ რას აპროტესტებენ საქართველოს მოქალაქეები. ამიტომ, დღეს შუადღით შემოღობეს, ეშინიათ და ასევე, ყველანაირად ცდილობს ბიძინა ივანიშვილი, რომ ადამიანებს შეუქმნას დაბრკოლება. შიდა რყევები აქვთ სენატორების განცხადებების შემდეგ და ამ შიდა რყევების თავიდან ასაცილებლად გადაწყვიტეს, რომ ავტორიტარიზმის ძალა აჩვენონ", - ამბობს დეკანოიძე.

პარლამენტის სასახლე შემოღობეს - რუსთაველის გამზირზე რკინის კონსტრუქციების მონტაჟი მიდის. რუსული მარშის ორგანიზატორი ხელისუფლება ბარიკადებს, სავარაუდოდ, იმ ადამიანებს უწყობს, რომელთაც ორშაბათს აქციაზე ეპატიჟებიან.

თბილისის მერიის წარმომადგენლები "პირველებთან" ამბობენ, რომ "ქართული ოცნებისგან" 29 აპრილს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადება შევიდა, რომლის ფარგლებშიც მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

მიუხედავად გაჟღერებული პოზიციისა, რუსული კანონის მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ რკინის ჯებირების აღმართვა 28 აპრილს დაგეგმილი ფართომასშტაბიანი აქციის ხელის შეშლას ემსახურება.

მსგავსი სიახლეები