პარლამენტი რკინის ჯებირებით შემოსაზღვრეს
პარლამენტის სასახლე შემოღობეს - რუსთაველის გამზირზე რკინის კონსტრუქციების მონტაჟი მიდის. რუსული მარშის ორგანიზატორი ხელისუფლება ბარიკადებს, სავარაუდოდ, იმ ადამიანებს უწყობს, რომელთაც ორშაბათს აქციაზე ეპატიჟებიან.
თბილისის მერიის წარმომადგენლები "პირველებთან" ამბობენ, რომ "ქართული ოცნებისგან" 29 აპრილს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადება შევიდა, რომლის ფარგლებშიც მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
მიუხედავად გაჟღერებული პოზიციისა, რუსული კანონის მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ რკინის ჯებირების აღმართვა 28 აპრილს დაგეგმილი ფართომასშტაბიანი აქციის ხელის შეშლას ემსახურება.
ბარიკადების აღმართვის ერთადერთი მიზანია, რომ ხვალინდელ პროცესებს ხელი შეუშალონ. სცენის აწყობას, რომელსაც ისინი 29-ში აპირებენ, იმ სცენის აწყობას ორ საათზე მეტი არ სჭირდება. ეს არის ნათელი მაგალითი და განსხვავება ახალგაზრდობასა და "ქართულ ოცნებას" შორის. ჩვენ შორის ხიდი არის ჩატეხილი", - ამბობს სტუდენტი.
შეგახსენებთ, რომ 28 აპრილს, 19:00 საათზე რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეები საპროტესტო აქციას გამართავენ. სამოქალაქო საზოგადოება რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბება და მარშით პარლამენტისკენ გადაინაცვლებენ.
ცნობისთვის, 29 აპრილს "ოცნების" კონტრაქციაა დაგეგმილი. ხელისუფლება მოქალაქეებს რეგიონებიდან ჩამოიყვანს და სამთავრობო აქციაში მონაწილეობას მიიღებენ. ღონისძიებაზე სიტყვით ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე წარდგებიან.
ფოტო - "პუბლიკა".